ვიქტორ ორბანი შესაძლოა, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი გახდეს

ევროპული საბჭოს ახალი ხელმძღვანელი უახლოეს თვეებში შესაძლოა, უნგრეთის პრემიერმინისტრი – ვიქტორ ორბანი გახდეს. აღნიშნული მას შემდეგ არის შესაძლებელი, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა – შარლ მიშელმა განაცხადა, რომ პოსტს ვადაზე ადრე დატოვებს და ევროპარლამენტის წევრების არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ევროპარლამენტის არჩევნები ივნისში ჩატარდება, ხოლო უნგრეთი ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობას 1-ელ ივლისს ჩაიბარებს, რაც თეორიულად ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ თანამდებობა ორბანმა დაიკავოს.

შარლ მიშელმა განმარტა, რომ ევროკავშირს საბჭოს ახალი ლიდერის ასარჩევად საკმარისი დრო აქვს.

„მინდა, ყველამ გაიგოს: ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემს მემკვიდრეზე გადაწყვეტილება ივნისში უნდა ყოფილიყო მიღებული, ასე რომ, ევროსაბჭოსთვის ადვილი იქნება, გააკეთოს ისე, რომ ჩემმა შემცვლელმა თანამდებობა ვადაზე ადრე დაიკავოს. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, მრავალი ინსტრუმენტი არსებობს, რომ ვიქტორ ორბანმა ეს პოსტი არ დაიკავოს”, – განმარტა შარლ მიშელმა.

მიშელს უფლებამოსილების ვადა ნოემბერში ეწურებოდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროსაბჭოს მოქმედი პრეზიდენტი ევროპარლამენტის არჩევნებში კანდიდატი იქნება, ასევე, თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვების პირველი შემთხვევა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი ბლოკის 27 წევრის უმრავლესობით ირჩევა. თუ გადაწყვეტილება 1-ელ ივლისამდე არ იქნება მიღებული, პრეზიდენტობა ავტომატურად ორბანზე გადადის, რადგან უნგრეთი თავმჯდომარეობას ჩაიბარებს.