“უკრაინელები მზად არიან უკიდურეს ზომას მიმართონ, რომ ომში გაწვევას გაექცნენ”-The TImes

ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The TImes) დაბეჭდილია სტატია სათაურით “უკრაინელები მზად არიან უკიდურეს ზომას მიმართონ, რომ ომში გაწვევას გაექცნენ // რა მოხდება ახალი სამობილიზაციო კანონის მიღების შემდეგ” (ავტორი – ენტონი ლოიდი).

პუბლიკაციაში განხილულია უკრაინის არმიაში გაწვევასთან დაკავშირებული პრობლემები: უკრაინელი მამაკაცების სამშობლოდან არალეგალურად გაქცევის მცდელობები და მათი მოტივაცია, დასჯის სახეები და ახალი სამობილიზაციო კანონის ძალაში შესვლის სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს.

უკრაინელ მესაზღვრეებს, რომლებიც რუმინეთთან საზღვარს იცავენ მდინარე ტისას გასწვრივ, ხშირად უხდებათ ახალგაზრდა მამაკაცების წყლიდან ამოყვანა და გადარჩენა – ისინი ცდილობენ მდინარე გადალახონ და ომში გაწვევას თავი აარიდონ. ნოემბერში მესაზღვრეებმა ტისას უკრაინულ ნაპირზე ათი სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევი დააკავეს, რომლებიც რუმინეთში გადასვლას აპირებდნენ. თითქმის იმდენივე დეკემბერშიც. ზოგიერთი გამქცევი საკმაოდ კარგად იყო მომზადებული ცივი და წყალუხვი მთის მდინარის გადასალახავად – ჰიდროკოსტუმები ეცვათ, სამაშველო ჟილეტებიც…

ზოგიერთი ცდილობდა ავტომანქანის საბურავით ან გასაბერი ლეიბებით გადასულიყო რუმინეთში. რამდენიმე გამქცევი კი ისე გაიხლართა მდინარის მიერ მოთხრილი ხეების ფესვებში, რომ მესაზღვრეებმა უშველეს, თორემ დაიხრჩობოდა.

ამას წინათ მესაზღვრეებს ძალიან გაუკვირდათ, როცა რუმინეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიისაკენ მოცურავე შეამჩნიეს – ყველა იქით გარბის და ეს ვინღაა, აქეთ რომ მოდისო. საზღვრის დამრღვევი 31 წლის სტეფან რიშკოვიჩი აღმოჩნდა, ბიზნესმენი, რომელიც უკრაინაში ჩეხეთიდან მიდიოდა, სურდა საზღვარზე არალეგალურად გადასვლა, ოჯახის მონახულება და შემდეგ კი უკან ისევ არალეგალურად დაბრუნება.

უკრაინის კანონმდებლობით კი, 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს ქვეყნის გარეთ გასვლა სპეციალური ნებართვის გარეშე ეკრძალებათ, ხოლო ვინც უკან ბრუნდება, მათ იქვე აკავებენ და ფრონტზე გზავნიან. უიღბლო სტეფან რიშკოვიჩი ჯერ საავადმყოფოში წაიყვანეს, შემდეგ კი მას ადგილობრივმა სამხედრო კომისარმა მიაკითხა და ახლა, ალბათ, უკეთეს შემთხვევაში, სადღაც ფრონტზე სანგარში ზის.

ომისაგან ღრმა დაღლილობისა და სტრესის ფონზე, როცა იარაღი არ არის საკმარისი, ხოლო უკრაინის ქალაქების თავზე ციდან ყოველდღე რაკეტები და ბომბები ცვივა, როცა კონტრშეტევა ჩაიფუშა და ფრონტზე ასი ათასობით ახალგაზრდა იღუპება და სახიჩრდება, როცა საეჭვო ხდება დასავლეთის მიერ დახმარების გაწევა, სულ უფრო ნაკლებ უკრაინელს სურს ფრონტზე წასვლა. ზოგიერთი ახალგაზრდა მამაკაცი სიცოცხლისათვის საშიშ რისკზე მიდის, რომ უკრაინიდან გაიქცეს.

ომის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში უკრაინის უშიშროების სამსახურმა 17 ათასზე მეტი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ცდილობდნენ ქვეყანა არალეგალურად დაეტოვებინათ. როგორც თვითონ სამართალდამცველ ორგანოში ვარაუდობენ, მობილიზაციის შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ, სამშობლოდან გამქცევთა რაოდენობა მრავალჯერადად მოიმატებს.

ახლა ზამთარია, ცივა, მაგრამ ბევრი ბევრი უკრაინელი მამაკაცი ცდილობს უკანონოდ, არალეგალურად გადავიდეს უკრაინა-უნგრეთის საზღვარზე. ზაფხულში ისინი ყალბ ცნობებს იყენებდნენ, ახლა კი, როცა მესაზღვრეები მათ „ეშმაკობებს“ მიხვდნენ, სულ უფრო მეტი გამქცევი ქირაობს მეგზურებს – ე.წ. გიდებს“ და კონტრაბანდისტებს, რომლებიც დიდი ფულის ფასად, მათ საზღვარზე გადაყვანას სთავაზობენ.

სანამ მობილიზაციის შესახებ ახალი კანონპროექტი ძალაში არ შესულა (ვერხოვნა რადაში მისი განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს), უკრაინის სასამართლოები ლმობიერად ექცევიან ქვეყნის დატოვების მსურველებს.

თუ საქმე დოკუმენტების გაყალბებას არ ეხება, სამართალდარღვევა ადმინისტრაციულად (რამდენიმე დღით დაკავება და ჯარიმის გადახდა) ისჯება და სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება. ახალი კანონმდებლობით კი, როცა ძალაში შევა, სასჯელი უფრო გამკაცრებულია, განსაკუთრებით „გიდებისა“ და მეგზურებისათვის. ექსპერტთა აზრით, მობილიზაციის შესახებ მკაცრი კანონი უკრაინიდან გაქცევის მსურველებს ვერ შეამცირებს, პირიქით, შეიძლება კიდევ უფრო მეტმა მოისურვოს სამშობლოს დატოვება.

წყარო: