“უკრაინა მზად არის რუსეთთან დიალოგისთვის, თუმცა რუსეთის სხვა პრეზიდენტთან”-ზელენსკი

უკრაინა მზად არის რუსეთთან დიალოგისთვის, თუმცა რუსეთის სხვა პრეზიდენტთან, – ამის შესახებ უკრაინის  პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„მხოლოდ გაძლიერების და მთელი ჩვენი ტერიტორიიდან ოკუპანტების განდევნის გზა დააბრუნებს მშვიდობას. ჩვენ გავივლით ამ გზას. უკრაინა იყო და დარჩება მოლაპარაკებების ძალისხმევის ლიდერი. სწორედ ჩვენი სახელმწიფო, ყოველთვის სთავაზობდა რუსეთს თანაბარი, პატიოსანი, ღირსეული და სამართლიანი პირობებით თანაარსებობის შესახებ შეთანხმებას. აშკარაა, რომ რუსეთის ამ პრეზიდენტთან ეს შეუძლებელია. მან არ იცის, რა არის ღირსება და პატიოსნება. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, თუმცა რუსეთის უკვე სხვა პრეზიდენტთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაუწესოს რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებმაც „საკუთარ თავში ვერ იპოვეს სიმამაცე, დაეცვათ კაცობრიობა და საერთაშორისო სამართალი ან რომლებიც ასე თუ ისე ჩართული არიან უკრაინის და დემოკრატიული ხალხების თანამეგობრობის წინააღმდეგ აგრესიულ ნაბიჯებში“.

მან ასევე მოუწოდა უკრაინის რადას, შემდეგ სხდომაზე განიხილონ და შეყოვნების გარეშე დაამტკიცონ კანონპროექტი რუსული აქტივების ნაციონალიზაციის გამარტივების შესახებ.