თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 34 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 34 000-ს გადააჭარბა.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა 31 643-ს მიაღწია.  სირიაში კი მსხვერპლის საერთო რაოდენობა 4 500-ს აჭარბებს.

ინფორმაციას კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სამძებრო-სამაშველო და სალიკვიდაციო ოპერაცია სტიქიის დაზარალებულ ზონაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველებმა ჰატაიში მიწისძვრიდან 175 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან კიდევ ერთი გადარჩენილი ქალის ამოყვანა შეძლეს.

გაერო-ს ინფორმაციით, ალეპოსა და ლატაკიაში მიწისძვრის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა 350 000-მდე ადამიანი. გაერო-მ სირიის დაზარალებულ რაიონებში 110 ტონა სამედიცინო დახმარება გაგზავნა.

სამაშველო ოპერაცია სტიქიური უბედურების ზონაში მე-8 დღეა, გრძელდება. მაშველებმა მიწისძვრიდან 150 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან კიდევ რამდენიმე ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების გამოყვანა შეძლეს, თუმცა ნანგრევებში მოყოლილთა გადარჩენის შანსი, უკვე მინიმალურია.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.