თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა ერდოღანის ალიანსმა მოიპოვა

თურქეთში საპარლამენტო არჩევნებზე “რესპუბლიკურმა ალიანსმა”, რომელსაც სათავეში მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების” პარტია უდგას, ხმების უმრავლესობა მოიპოვა.

ადგილობრივი დროით 10:00 საათისთვის დამუშავებულია ხმების 99,27%, – იტყობინება Anadolu.

წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკური ალიანსი“ იღებს ხმების 49,37%-ს, ოპოზიციური „სახალხო ალიანსი“ ქემალ კილიჩდაროღლუს “რესპუბლიკური სახალხო პარტიის” ხელმძღვანელობით – 35,12%, „შრომისა და თავისუფლების ალიანსი“ – 10,51%

CNN Turk-ის ცნობით, ერდოღანის ალიანსი პარლამენტში 600 ადგილიდან 321 ადგილს დაიკავებს, სახალხო ალიანსს შეუძლია 213 მანდატი მიიღოს, ხოლო შრომისა და თავისუფლების ალიანსმა – 66 მანდატი.

არჩევნებში აქტივობამ 87,30% შეადგინა.

 რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ამ დროისთვის არსებული წინასწარი შედეგების მიხედვით, თურქეთში, გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში, 28 მაისს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

HaberTurk-ის ინფორმაციით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 99.20 პროცენტის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49.39 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი – 44.97%.

არჩევნების საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გამოცხადდება.