ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ნოემბრის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ნოემბრის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
 
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში, საქართველოში 471,165 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ნოემბერთან შედარებით +160.4%-ია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 70%-ით აღდგა.
 
„ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა ნოემბერში. 2022 წლის ნოემბერში 299,605 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ნოემბერთან შედარებით +97.9%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 88.4% აღდგენილია”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
რაც შეეხება ტურიზმის აღდგენის დინამიკას 2022 წლის იანვარ-ნოემბერში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის 11 თვეში საქართველოში 4,862,247 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდთან შედარებით ზრდა +185.5%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 55.9%-ს შეადგენს.
 
„2022 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში 3,348,333 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც +133.7%-ით მეტია გასული წლის 11 თვესთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტული ვიზიტების 70.2 % აღდგენილია.
 
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.