„ტექნიკური მთავრობის“ ჩავარდნილი პროექტის შემდეგ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახლა „ტექნიკური პარლამენტის“ პროექტზე გადაერთო – შალვა პაპუაშვილი

ნათელია, რომ ტექნიკური მთავრობის ჩავარდნილი პროექტის შემდეგ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახლა ტექნიკური პარლამენტის პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წეს-წყობილებასთან სახიფათო თამაში. ამასთან, მსგავსი პოლიტიკური თვითშემოქმედება აღვივებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და პირდაპირ ეწინააღმდეგება 12 პუნქტიდან პირველივეს – დეპოლარიზაციას, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ მიერ ცალკე სამუშაო პროცესის დაწყების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი პოლიტიკური თვითშემოქმედება აღვივებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან პირველივეს – დეპოლარიზაციას.

„კომიტეტების და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობს 8 საპარლამენტო ჯგუფიდან ხუთი – „ქართული ოცნება“, „გირჩი“, „ევროპელი სოციალისტები“, „მოქალაქეები“ და „საქართველოსთვის“. საპარლამენტო ფორმატში მუშაობაზე უარს აცხადებს სამი ჯგუფი – „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. რამდენიმე დღის წინ თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის დელეგაცია. მათ, ერთი მხრივ, მოიწონეს პარლამენტის სამუშაო გეგმა 12 პუნქტთან დაკავშირებით, მეორე მხრივ კი, დაჟინებით მოუწოდა „ნაცმოძრაობას“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“, ჩართულიყვნენ პარლამენტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში. ამის საპირისპიროდ ბოლო დღეებში ვხედავთ, რომ ამ პარტიებმა შექმნეს საკუთარი პარტიული ფორმატი. უფრო მეტიც, ისინი სექტემბრიდან აანონსებენ პოლიტიკურ რადიკალიზაციას და ქუჩის აქციებს. ნათელია, რომ ტექნიკური მთავრობის ჩავარდნილი პროექტის შემდეგ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახლა ტექნიკური პარლამენტის პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წეს-წყობილებასთან სახიფათო თამაში. ამასთან, მსგავსი პოლიტიკური თვითშემოქმედება აღვივებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და პირდაპირ ეწინააღმდეგება 12 პუნქტიდან პირველივეს – დეპოლარიზაციას. მოხარული ვარ, რომ მოვისმინე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიის და საერთაშორისო აქტორის შეფასებები ამ სამპარტიული კოალიციის მიერ წამოწყებული პროცესის დესტრუქციულობასთან დაკავშირებით“, – აცხადებს პაპუაშვილი.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სამეულის მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა. თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება „ნაციონალური მოძრაობის“ სამეულის ინტერესს.

როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, მიმდინარეობს ისეთი სურათის შექმნა, თითქოს, საქართველოში რაღაც საკითხებზე უთანხმოებაა, რაც კანდიდატობის პერსპექტივას აზიანებს.

„პრობლემა იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სამეულს – „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ და პარლამენტში დანარჩენ პარტიებს სხვადასხვა მიზანი გვაქვს. კანდიდატის სტატუსის მიღებაა იმ 5 საპარლამენტო ჯგუფის მიზანი, რომელიც საპარლამენტო პროცესშია ჩართული, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ სამეულის მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა.

ეს არის მიზნებში ფუნდამენტური სხვაობა. რა თქმა უნდა, თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება „ნაციონალური მოძრაობის“ სამეულის ინტერესს. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ყველანაირად ხდება პროცესის ტორპედირება, შეიქმნას სურათი, რომ საქართველოში თითქოს რაღაც საკითხებზე უთანხმოებაა და ამით საბოლოოდ დააზიანონ კანდიდატობის პერსპექტივა“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.