„პარლამენტში უკვე სამი კვირაა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ევროპული საბჭოს განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე. საკითხებზე სამუშაოდ, ძირითად კომიტეტებად განისაზღვრა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა, საპროცედურო და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტები, ასევე - გენდერული თანასწორობის საბჭო, რომლებიც უკვე შეუდგნენ მუშაობას. ამასთან, პროცესის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად, კომიტეტებმა, შესაბამისი მიმართულებებით, სამუშაო ჯგუფები შექმნეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღეის მდგომარეობით, ჩატარდა კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების 17 სხდომა და საკითხების ნაწილზე, უკვე არსებობს პირველადი შედეგები.

„რეკომენდაციების მეორე პუნქტზე - საპარლამენტო ზედამხედველობა, სრულდება ზედამხედველობის არსებული მექანიზმის ანალიზი, რომლის საფუძველზეც, სამუშაო ჯგუფი განიხილავს მათი გაუმჯობესების შესაძლებლობებს და 21 სექტემბრამდე, დააინიცირებს ცვლილებების პროექტს. რეკომენდაციების მესამე პუნქტზე - სასამართლო რეფორმა, სამუშაო ჯგუფში საპარლამენტო ჯგუფების მიერ უკვე წარმოდგენილია შეფასების დოკუმენტები, რომლებიც, სამოქალაქო სექტორთან განხილვის საფუძველზე, უნდა გახდეს სასამართლო რეფორმის სტრატეგიის შემუშავებისა და საკანონმდებლო ცვლილების ინიცირების საფუძველი. რეკომენდაციების მე-9 პუნქტზე - გენდერული თანასწორობა, სამუშაო ჯგუფში სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის აქტიური მონაწილეობით, შეთანხმდა იმ საკითხთა წრე, რომლებზეც დეტალური მსჯელობა გაიმართება და 5 ოქტომბრამდე დაინიცირდება შესაბამისი კანონპროექტი. რეკომენდაციების მე-11 პუნქტზე - მართლმსაჯულების პროცესში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის პროაქტიული გამოყენება - უკვე შეიქმნა კანონპროექტების პაკეტის პირველადი ვერსია, რომელიც, სამუშაო ჯგუფებში აქტიურად განხილვის შემდეგ, გრაფიკის შესაბამისად, პირველ სექტემბრამდე დაინიცირდება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.