თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა

სტრასბურგში ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ ევროპის საბჭოს კონგრესში წარდგენილი  დელეგაციის წევრებმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ,  ოთარ გრიგოლიამ, და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა, მიიღეს მონაწილეობა.

 

სხდომაზე, რომელიც  მონიტორინგის კომიტეტის  თავმჯდომარემ,  გუდრუნ მოზლერ ტორნსტრომმა, გახსნა, წევრი ქვეყნების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის შესრულების ანგარიშები განიხილეს.

 

სლოვაკეთის რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ  ევროპული ქარტიის შესრულების მონიტორინგის მისიას ქართული მხარე ხელმძღვანელობდა, რომლის შედეგებიც  დამსწრე საზოგადოებას ლევან ჟორჟოლიანმა  შვეიცარიელ კოლეგასთან მატიას გიზინთან  ერთად წარუდგინა.

 

ლევან  ჟორჟოლიანმა თურქეთში მომხდარ  ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებიც  მონაწილეობენ. ამის შემდეგ, საკრებულოს წევრმა კონგრესის მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

 

„სლოვაკეთში თვითმმართველობის ევროპული ქარტიის რატიფიცირება განხორციელდა 2000 წელს. თუმცა ჯერ არც ხელმოწერილია და არც რატიფიცირებული ქარტიის დამატებითი პროტოკოლი ადგილობრივი ხელისუფლების საქმეებში მონაწილეობის უფლების შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხი მოგვარდება. ახლა ვამზადებთ მოხსენებას და რეკომენდაციას სლოვაკეთის რესპუბლიკაში ქარტიის იმპლემენტაციის შესახებ. მათ წარდგენას თქვენ მიერ  დასამტკიცებლად ვგეგმავთ მონიტორინგის კომიტეტის ერთ-ერთ მომავალ სხდომაზე მარტსა ან ივლისში, შემდგომ კი  – კონგრესის პლენარულ სხდომაზე მისაღებად,“  –  განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

 

დღესვე, ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ტყემალაძემ ევროპის საბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილესთან და ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრთან, ლევან ჟორჟოლიანთან და დედაქალაქის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარესთან, ოთარ გრიგოლიასთან, ერთად კომიტეტის მე-5 ვიცე-თავმჯდომარის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

 

ასევე,  კომიტეტის წევრებმა   უკრაინის მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში არსებული ვითარება შეაფასეს, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე იმსჯელეს და ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშები და სამომავლო გეგმები განიხილეს.