თბილისის მერიამ სპორტული კომპლექსი „ავაზა“ ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადასცა

თბილისის მერიამ სპორტული კომპლექსი „ავაზა“ საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადასცა.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის დირექტორ ლევან კობიაშვილთან ერთად, საფეხბურთო სკოლის ტერიტორია დაათვალიერა და მხარეებს შორის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, „ავაზას“ ტერიტორიაზე არსებული მოედნები და ადმინისტრაციული შენობა სრულად განახლდება და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი იქნება.

„გვინდა, სპორტული კომპლექსი „ავაზა“, რომელსაც ძალიან ბევრი წარმატებული ფეხბურთელი გაუზრდია და დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია, გადავცეთ ფეხბურთის ფედერაციას. დარწმუნებული ვარ, ეს სივრცე იქნება დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული კომპლექსი თავისი მოედნებით, გასახდელებით. ყველანაირი პირობა ექნებათ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ ითამაშონ ფეხბურთი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მერიამ აღნიშნული სივრცე ადგილმონაცვლეობის სანაცვლოდ, კომპანია „ვისოლისგან“ გამოისყიდა.

„აღნიშნული სპორტული კომპლექსი 2007 წელს სიმბოლურ ფასად გადაეცა კომპანია „ვისოლს“ იმისთვის, რომ სტატუსი შენარჩუნებულიყო ათი წლის ვადით. მისი ამოწურვის შემდეგ, აქტიურად დავიწყეთ კომპანიასთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ აქ რაიმე საცხოვრებელი კორპუსი, საოფისე ფართები და ა.შ. არ აშენებულიყო. მივიღეთ გადაწყვეტილება და ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ეს სივრცე მუნიციპალიტეტის საკუთრება გახდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ვისოლს“ თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე იმყოფებოდნენ.