FIBA საქართველო-თურქეთის მატჩში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIBA) საქართველო-თურქეთის მატჩში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის მიერ მატჩის გადათამაშების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 

„თამაშის დასრულების შემდეგ, თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ გააპროტესტა დროის აღრიცხვის დროს გაპარული შეცდომა (მაშინ, როცა თამაში შეჩერდა, ტაბლო 22 წამის განმავლობაში მუშაობდა).

ყველა წარმოდგენილი მასალისა და მტკიცებულების განხილვის შემდეგ, FIBA-ს სადისციპლინო კოლეგიის ერთპიროვნულმა მოსამართლემ დაადგინა:

მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მე-4 მეოთხედში მართლაც იყო დროის აღრიცხვის შეცდომა, კალათბურთის ოფიციალური წესების მიხედვით, 22 წამის დაკლების შემთხვევაში ტექნიკური შეცდომა მოხდა მსაჯის მხრიდან, რაც არ შეცვლიდა თამაშის საბოლოო შედეგს. შედეგად, მატჩის გადათამაშებაზე თურქეთის ფედერაციის მოთხოვნა გაუქმდა.

გასახდელში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელშიც ორივე გუნდის მოთამაშეები და სტაფის წევრები მონაწილეობენ, ორი ფედერაციის ბრალდებებზე ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიების დასრულების შემდეგ, FIBA-ს კომპეტენტური ორგანოები შესაბამისი სასჯელის ზომას გადაწყვეტენ“, – აღნიშნულია FIBA-ს განცხადებაში.