სოლიდარობა თეა წულუკიანს -თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ, თამარ კორძაიამ და ანა ბუჩუკურმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს

პარლამენტის წევრებმა თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ, თამარ კორძაიამ და ანა ბუჩუკურმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომლითაც სოლიდარობას უცხადებენ კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანს მის მიერ გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებული განცხადების გამო.

ხათუნა სამნიძის თქმით, სამწუხაროდ, თეა წულუკიანი საჯაროდ არ საუბრობს მოძალადეებზე. როგორც სამნიძემ აღნიშნა, თეა წულუკიანს უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ძალადობის ფაქტებზე საჯაროდ საუბრისას, ქალი პოლიტიკოსები მას გვერდით დაუდგებიან.

„როგორც იცით, მინისტრის საათის დროს ქალბატონ თეა წულუკიანს დავუსვით კითხვა სპორტის ფედერაციებთან დაკავშირებით, სადაც ნაწილი ითვალისწინებს სამინისტროს მიერ შეთავაზებულ სტრუქტურულ ცვლილებებს, მათ შორის ფინანსებთან დაკავშირებით და ნაწილთან დაკავშირებით ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია. მისი პასუხი ამ საკითხზე იყო საკმაოდ საგანგაშო. მან თქვა, რომ მას, როგორც ქალ მინისტრს, ურღვევენ ქალთა უფლებებს და იყო ძალადობის ფაქტებიც. სამწუხაროდ, ის საჯაროდ არ საუბრობს მოძალადეებზე. ვფიქრობთ, რომ ეს არის პრობლემა. მან თქვა, რომ თვითონ მოაგვარებს პრობლემას. ეჭვიც არ მეპარება, ის არის ძლიერი ქალი მინისტრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ისაუბროს საჯაროდ მოძალადეებთან დაკავშირებით, უნდა დამალოს ინფორმაცია და ჩათვალოს, რომ მხოლოდ მას ეკუთვნის და მისი მოსაგვარებელია ეს საკითხი მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც ეხება ქალებს. ამ პრობლემების არსებობის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ. მან ასევე აღნიშნა, რომ არ ენდობა სხვა ქალებს, ქალ პოლიტიკოსებს. ამიტომ, ჩვენ დღეს მას გვინდა, კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ის საკითხი, რომელიც სცდება პარტიულ ინტერესებს და არის გაცილებით მნიშვნელოვანი და ამიტომ, მას უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ამაზე საჯაროდ საუბრისას გვერდში დაუდგებიან ქალი პოლიტიკოსები“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

თეონა აქუბარდიას თქმით, საკითხი უნდა გასცდეს პოლიტიკური გემოვნების სფეროს.

„მეც შევუერთდები აღშფოთებას. დაუშვებელია პოლიტიკოს ქალზე ფიზიკური ზემოქმედების მუქარა, ისევე როგორც მცდელობა. ჩვენ ყველას, აქ მდგომ დეპუტატებს, გვქონდა ასევე რეაგირება გახშირებულ ფემიციდთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ ასევე გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ვფიქრობთ, რომ ასეთი საკითხები უნდა იყოს არა მხოლოდ გენდერული საბჭოს, არამედ სრულიად პოლიტიკოსების ინტერესის საგანი, რადგან დაუშვებელია პოლიტიკოს ქალებზე მუქარა, დაშინება ფიზიკური ზემოქმედების მიზნით და უნდა ვიყოთ ყველა სოლიდარული, როგორც ქალი დეპუტატები, ასევე ჩვენი კოლეგები საპირისპირო სქესიდან. ამიტომ, ეს საკითხი უნდა გასცდეს პოლიტიკური გემოვნების სფეროს და ამაზე ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რომ ერთი მხრივ, დაუშვებელია და მეორე მხრივ, ვისაუბროთ, რათა დავიცვათ სხვა ქალები პოლიტიკაში, რამდენადაც ქალთა პოლიტიკური ჩართულობა, ქალების თანამონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში, დიდწილად ასევე არის განპირობებული ამ საკითხებით“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა: „სპორტის ქალ მინისტრს მაქვს ბევრი პრობლემა ფედერაციებთან, ვიღაცას აქვს განცდა, რომ შეიძლება, ფული როგორც უნდა, ისე გამოიყენოს, ვინმე თუ შეეწინააღმდეგება, მასზე გაიწიოს, მაგრამ არ გავიწევი“.