,,სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია და თავიდან მოიშორა საქმე”- საია-ს თავმჯდომარე

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი ნატა ფერაძის დაკავებასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო.

როგორც საია-ის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუშვებლობის არგუმენტები შაბლონურია, ხოლო ახალი გარემოებები და მტკიცებულებები საჩივარში არ არის.

ქურდოვანიძის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია და თავიდან მოიშორა საქმე.

„სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ჩვენი საჩივარი ნატას საქმეზე. დაუშვებლობის არგუმენტები შაბლონურია – ახალი გარემოებები და მტკიცებულებები არ არის საჩივარშიო. ახალ მტკიცებულებებზე მსჯელობას არავინ ითხოვდა. სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა რამდენად დასაბუთებული იყო საქალაქო სასამართლოს დადგენილება, განსაკუთრებით, გამოყენებული სანქციის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია და თავიდან მოიშორა საქმე“, – წერს ქურდოვანიძე.

ცნობისთვის, აქტივისტი ნატა ფერაძე საკუთარ სახლში გუშინ დააკავეს. მან დაკავებისას მედიას განუცხადა, რომ „ეს რადიკალების დასტვენილზე ცეკვაა“.

აქტივისტს მატრონა მოსკოველის ხატისთვის, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავის შესხმის გამო, 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა სასამართლომ გუშინ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე შეუფარდა.