რუსეთის ორბიტაზე დიდი ხნის განმავლობაში მყოფი საქართველო დასავლეთისკენ იხრება – ამერიკული პრესა

ცნობილი ამერიკული გაზეთი „ქრისჩენ საიენს მონიტორი“ (The Christian Science Monitor) აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით „რუსეთის ორბიტაზე დიდი ხნის განმავლობაში მყოფი საქართველო დასავლეთისკენ იხრება“ (ავტორი – ანა გრობე, საკუთარი კორესპონდენტი), რომელშიც გადმოცემულია უცხოელი ჟურნალისტის თვალით დანახული საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა.

ავტორი ვრცელ პუბლიკაციაში თბილისში ყოფნის შთაბეჭდილებებს აღწერს, ესაუბრება რიგით მოქალაქეებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს (როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან), ექსპერტ-პოლიტოლოგებს და ა.შ. ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმოხილვის დროს აქცენტი გაკეთებულია დასავლეთთან და რუსეთთან ურთიერთობაზე (კომენტირებულია გამოკითხვების შედეგები, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული მომენტები, დემოკრატიის პრინციპების დარღვევის ფაქტები), ქართული საზოგადოების წარმომადგენლების დამოკიდებულებაზე როგორც ზოგადად რუსეთის, ასევე საქართველოში მყოფი რუსი მიგრანტების მიმართ (წარწერები კედლებზე, რესტორნებისა და კაფეების შესასვლელებზე:

„რუსეთი ოკუპანტია, პუტინი კი ბოროტება. თუ არ გვეთანხმებით, აქ ნუ შემოხვალთ“). გთავაზობთ ამონარიდს: „როცა 2012 წელს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ჩვენ საგარეო პოლიტიკაში ახალი მიდგომა დავნერგეთ – „სტრატეგიული თმენის“ პოლიტიკა“, – განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავის ფორუმზე გამოსვლისას, – და ამით მშვიდობასა და სტაბილურობას მივაღწიეთ“. დიახ, სამართლიანობისა და ობიექტურობის სახელით, უნდა ვთქვათ, რომ საქართველო, შეიძლება ითქვას, თავის საგარეო პოლიტიკას და დიპლომატიას წარმატებულად ატარებს – დასავლეთსა და რუსეთს შორის გადებულ „ბეწვის ხიდზე“ მარჯვედ დადის. თვითონ განსაჯეთ: რუსეთი საშიშია (კრემლს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული), დასავლეთი კი მომთხოვნია (მმართველმა პარტიამ მისთვის არასასიამოვნო რეფორმები უნდა გაატაროს). ანალიტიკოსები აღნიშნავენ ქართველების მარჯვე მოქმედებას, რითაც ისინი არიან ცნობილნი: „ქართლის დედის“ ძეგლის გამოსახულებაც, რომელიც თბილისს ზემოდან დასცქერის, ამას ადასტურებს: ერთ ხელში სტუმრებისათვის ღვინის თასი უჭირავს, მეორეში კი, მტრებისთვის, მახვილი. შესაძლოა, ასეთი თვისების წყალობით ჰყავდათ ქართველებს მსოფლიოში გამოჩენილი და გავლენიანი ლიდერები – მკაცრი საბჭოთა პრემიერი, მისტერ იოსებ სტალინი, რომელმაც საბჭოთა ქვეყნის კარი უცხოელებისათვის ჩაკეტა და „პერესტროიკის“ მომხრე, ელეგანტური და ლიბერალური საგარეო საქმეთა მინისტრი, მისტერ ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც მოგვიანებით საქართველოში დასავლეთს კარი გაუღო“. (…) „თბილისიდან სულ რაღაც 45 წუთის სავალზე ევროპელი დამკვირვებლები ბინოკლით ხელში ჩრდილოეთით იყურებიან და ბორცვებიან გარემოს ყურადღებით აკვირდებიან, თუ როგორ მოძრაობენ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ტექნიკა. ისინი ხედავენ, თუ როგორ დადიან სოფლების ერთ მხარეს რუსი ჯარისკაცები – სოფლებისა, რომელთა მცხოვრებლებმა ერთ დილას აღმოაჩინეს, რომ ისინი ორად არიან გაყოფილნი მავთულხლართებით და თხრილებით. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული იმ სისხლიანი ომის შედეგად, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ვლადიმერ პუტინმა გააჩაღა. რუსეთის არმიამ ქართული ჯარი ხუთ დღეში გაანადგურა, უამრავი ქართველი კი აიძულა მშობლიური სახლები დაეტოვებინათ. რუსეთი ამ ომს თითქოსდა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასახმარებლად აწარმოებდა, სინამდვილეში კი, თუ სიტუაციას უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის პრიზმაში განვიხილავთ, მივხვდებით, რომ კრემლმა განახორციელა დიდი ხნის წინ დაგეგმილი განზრახვა – დაესუსტებინა საქართველო (უკრაინაც) და ისეთ მდგომარეობაში ჩაეგდო, რომ მას ნატოში არ მიიღებდნენ.

გავიხსენოთ, რომ ომამდე, 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე, ნატომ საქართველოს და უკრაინას აღუთქვა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ორივე ალიანსის წევრები გახდებოდნენ. მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს იმდროინდელი ლიდერები იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი რუსეთის წინაშე ნატოს დაპირების იმედით ისე მოქმედებდნენ, რაც „ხარის წინ წითელი ნაჭრის აფრიალებას“ ჰგავდა. და მაინც, ვერც რუსეთის საქართველოზე თავდასხმამ და ვერც უკრაინის ომმა ვერ გადაარწმუნა ქართველები ევროპისადმი გამოხატულ სიმპათიებში. როგორც საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგები ადასტურებს, მოქალაქეთა 85%-ს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება სურთ. მაგრამ საზოგადოება ასევე ამჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კორუფციასთან ბრძოლა შენელდა, გაჩნდა მასმედიის შეზღუდვის ტენდენცია, მოიკოჭლებს მართლმსაჯულება. იმ 15% ქართველებისათვის, რომლებიც მხარს არ უჭერენ ევროკავშირში გაწევრიანებას, მიზეზები სხვადასხვაა: ძველი დროის ნოსტალგიიდან („საბჭოთა პერიოდი უფრო უკეთესი იყო“) დასავლური ფასეულობების უგულებელყოფამდე („დასავლური ეკონომიკა, მორალი და ზნეობა კრიზისს განიცდის“). ისინი ასევე თვლიან, რომ დასავლური რეფორმები რიგითი მოქალაქეების ცხოვრებას ამძიმებს. უნდა ითქვას, რომ დასავლეთის მომხრე ქართველებს ბრიუსელმა დიდი დარტყმა მიაყენა, როცა უკრაინისა და მოლდოვისაგან განსხვავებით, საქართველოს უარი განუცხადა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემაზე“. არადა, იგივე დასავლეთი და ევროკავშირის დიდი ხნის განმავლობაში თვლიდა საქართველოს დემოკრატიის შუქურად პოსტსაბჭოთა სივრცეში“.

წყარო