“ოპოზიციისგან არც ერთი კითხვა არ გაჟღერებულა იმის შესახებ რაც საზოგადოებას აინტერესებს”-ვლადიმერ ბოჟაძე

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, ოპოზიცია ტრაგედიიდან ტრაგედიას ელოდებოდა და მხოლოდ ერთი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება სურდა.

„მიმაჩნია, რომ ყველა უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ ჩვენს ქალაქში და ქვეყანაში მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს, განსხვავებით ოპოზიციისა. ისინი ცდილობდნენ მხოლოდ ერთი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ. ამბობენ, რომ კითხვები აქვთ ქალაქის მერთან, თუმცა დღევანდელ სხდომაზე არცერთი კითხვა არ გაჟღერებულა, რომელსაც მედიაც და საზოგადოებაც ელოდებოდა, შესაბამისად, ჩვენგანაც პასუხებს მიიღებდით“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

საკრებულოს წევრმა ოპოზიციას მიმართა და შეახსენა, რომ არ დავიწყებია 2007 წელს გარდაცვლილი ალექსანდრე პაპავა, ასევე, 2009 წელს გარდაცვლილი საბა ქადარია და 9 წლის გიორგი ქინქლაძე და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში მთელი ქალაქი მერიის მიერ აშენებულ სტადიონებს მკვლელ სტადიონად მოიხსენიება, თუმცა ბოჟაძის თქმით, ოპოზიციას მაშინ პოლიტიკური ქულების დაწერა არ უცდია.

როგორც ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 ადამიანია ბრალდებული და მიმდინარეობს გამოძიება, რათა ზუსტი მიზეზი დადგინდეს ქვეყანაში მსგავსი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად.

„ჩვენ როგორც საკრებულომ რა უნდა გავაკეთოთ, რა წინადადებები გვაქვს და რა არის გამოსასწორებელი იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ იყოს. ყველას გვაქვს მორალური პასუხისმგებლობა, ვისაც რაიმე ვალდებულება გვაქვს ჩვენს ქალაქთან დაკავშირებით. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა. ოპოზიციას მხოლოდ რიგგარეშე არჩვენები უნდა, თუმცა ოპოზიცია ვეღარ დაბრუნდება. ზუსტად იმ მიზეზით რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენს ქალაქს გაუკეთა“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.