“თქვენ, ვინც გაგიხარდებათ და სადაც გაგიხარდებათ, იქ დაიბარეთ”- გიორგი ჩაკვეტაძე ოპოზიციას

თქვენ, ვინც გაგიხარდებათ და სადაც გაგიხარდებათ, იქ დაიბარეთ, მაგრამ კახა კალაძე მაშინ მოვა, როცა რეგლამენტით იქნება გათვალისწინებული და თქვენს დაბარებულზე დიდი ბოდიში, – ასე მიმართა თბილისის საკრებულოს წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ ოპოზიციას საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

საკრებულოს წევრის გამოსვლას დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ხმაური მოჰყვა. გიორგი ჩაკვეტაძემ მათ დამშვიდებისკენ მოუწოდა.

„აქ, ისტორიულ შენობაში, თბილისის საკრებულოში სხედხართ და არა ქუჩურ შეკრებაზე. ცოტა სიტყვები შეარჩიე გოგა (ონიანი). გარკვეული აქციის დარბევა კი არ არის, ისტორიულ შენობაში ხარ და ცოტა სიტყვები შეარჩიე. კახა კალაძეს აქვს ჩვენი უმრავლესობის მხარდაჭერა და მოვა საკრებულოში მაშინ, როცა ეს რეგლამენტით არის გათვალისწინებული და კონკრეტულად შენს პოლიტიკურ შოუში მონაწილეობას კახა კალაძე არ მიიღებს ისევე, როგორც მონაწილეობას არ მიიღებს საბა ბუაძის პოლიტიკურ შოუში და ისიც კი იკადრეთ, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები ფეხქვეშ გათელეთ და ბიჭმა, რომელიც ტრაგედიას შემთხვევით გადაურჩა და ფოტო დადო „ფეისბუქზე“, ეს მოზარდიც კი „დააბულინგა“ თქვენმა პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ. ესეც კი იკადრეთ. თქვენს პოლიტიკურ გუნდს ქართულმა საზოგადოებამ გამოუტანა განაჩენი“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში ხმაური იყო. საკრებულოს წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების გარდა იყო გაწევ-გამოწევა.

დაპირისპირებაში „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წევრი დეპუტატები მონაწილეობდნენ.

დეპუტატებს შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ კი შეხლა-შემოხლა ვაკის პარკის შადრევანში მომხდარი ტრაგედიის საკითხზე დაწყებულ კამათს მოჰყვა.