“კახა კალაძე ყველა შეკითხვაზე პასუხს გამოძიების დასრულების შემდეგ გასცემს”- ნიკო კახეთელიძე

ჩვენ, როგორც საკრებულოს წევრებს გვაქვს პასუხისმგებლობა, ნაადრევი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნიკო კახეთელიძემ საკრებულოს სხდომაზე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ტრაგიკული შემთხვევის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არ შეიძლება.

„ყველა შეძრულები ვართ მომხდარით, თუმცა, ვფიქრობ, ამ ტრაგიკული შემთხვევის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არ შეიძლება.

მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართულებით არაერთი ექსპერტიზა ჩატარდება და მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება, თუ რა მოხდა რეალურად ‘’,-აღნიშნა ნიკო კახათელიძემ.

საკრებულოს წევრი ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ტენდერი კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა.

მისივე ინფორმაციით, პროცესზე მთლიანად პასუხისმგებელი შესყიდვების სააგენტო იყო, რომელსაც შენიშვნები არ ჰქონია.

„რაც შეეხება დედაქალაქის მერს, ის არასდროს გაურბის პასუხისმგებლობას და ამ შემთხვევაშიც, კახა კალაძე ყველა შეკითხვაზე პასუხს მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გასცემს. ადამიანის გამტყუნება, იქნება ეს რიგითი შემდუღებელი თუ კონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელი, გამოძიების დასრულებამდე ძალიან სარისკოა.

ამიტომ ჩემი, როგორც ინჟინრის მეგობრული რჩევაა, ვიყოთ სამართლიანები, რადგან საკითხის პოლიტიზირება ყველას მხოლოდ დააზარალებს. ჩვენ კი, როგორც საკრებულოს წევრებს გვაქვს პასუხისმგებლობა, ნაადრევი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ“, -განაცხადა დეპუტატმა.

ნიკო კახეთელიძის განცხადებას თბილისის საკრებულო ავრცელებს.