ნინო რუხაძე CEMR-ის ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში (CEMR) წარდგენილი დელეგაციის წევრი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი – ნინო რუხაძე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრას ევროპის მუნიციპალური ასოციაციების 100-მდე დელეგატი ესწრებოდა.

„CEMR – ის პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც პარიზში გაიმართა, საბჭოს პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტების, თანაპრეზიდენტებისა და ფინანსური მართვის კომიტეტის თავმჯდომარის, ასევე, აღმასრულებელი პრეზიდენტისა და შიდა აუდიტორების კანდიდატურებზე იმსჯელეს.

სხდომის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ CEMR – ის პოლიტიკური კომიტეტის 2023 წლის, 6-7 ივნისის სხდომა თბილისში ჩატარდება.

დღესვე, კრიზისების, სოციალური არასტაბილურობისა და საზოგადოების პოლარიზაციის მიმართულებით, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლსა და ხელშეწყობაზე გაიმართა დებატები. სხდომის მონაწილეებმა, ასევე ფინანსური დოკუმენტები განიხილეს და საბჭოს მიერ ჩატარებულ სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით იმსჯელეს. ასევე, 2022 წლის სამოქმედო გეგმის ანგარიში მოისმინეს და 2023 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს.

ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭო (CEMR) უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაციაა და ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც 41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს აერთიანებს. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია კი, CEMR-ში 2010 წლიდანაა გაწევრიანებული და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა თემის განხილვაში“, – ნათქვამია  გავრცელებულ ინფორმაციაში.