ბაქოში აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის სწავლება „მარადისობა-2026" დაიწყო.
12 ნოემბერს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართა კომპიუტერული მხარდაჭერით ჩატარებული სამეთაურო-საშტაბო სწავლების გახსნის ცერემონია.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო მართვის ინსტიტუტის სამხედრო თამაშების ცენტრში გამართულ წვრთნებში, აზერბაიჯანის არმიის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, მონაწილეობენ „აზერბაიჯანის რკინიგზის" უსაფრთხოების დეპარტამენტისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები.
თავდაპირველად, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას, ვინც სამივე ქვეყნის თავისუფლებისთვის თავი გაწირა. შესრულდა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო ჰიმნები.
გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გენერალ-მაიორმა ვუგარ ალივერდიევმა ღონისძიების მონაწილეებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვის მისალმება გადასცა და მათ დასახული ამოცანების შესრულებაში წარმატებები უსურვა. მან აღნიშნა, რომ წვრთნებში სამივე ქვეყნიდან 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
აღინიშნა, რომ რეგულარულად გამართული წვრთნის მიზანია რეგიონული ეკონომიკური პროექტებისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვის კუთხით ერთობლივი ქმედებების კოორდინაციის გაუმჯობესება, ასევე ბუნებრივი რესურსების ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში მონაწილეთა ოპერატიული და ანალიტიკური უნარების განვითარება. კომპიუტერული მხარდაჭერით გამართული სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთქმედების გაფართოებასა და გამოცდილების გაზიარებას, 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.



