„ქართული ოცნება" თავისი ძალადობრივი პოლიტიკით და პროპაგანდით აპელირებს, რომ ოპოზიცია ერთმანეთში კინკლაობს, რომ ამ ოპოზიციას კოალიციური მართვა არ შეუძლია, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამის საწინააღმდეგო, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ოპოზიციას მართებს მეტი ძალისხმევა, მეტი რესურსის ჩადება, საზოგადოებას კი მართებს მეტი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში.

 

„უნდა დამთავრდეს ზღაპარი - პარტიები არ გვინდა. აბა, მაშინ როგორ ცვლიან ხელისუფლებას? მაშინ თავად უნდა შექმნან ახალი პარტიები. ოპოზიციამ უნდა დაამთავროს ერთმანეთის ლანძღვა და კრიტიკა, დაამთავროს ოპოზიციაში ჩერგოლეიშვილობა, რომლის ერთადერთი საქმეა, სხვა პარტიები ლანძღოს. ბოლო თვეების განმავლობაში, მის არცერთ კრიტიკასა და ლანძღვას არ ვპასუხობ, მაგრამ ვუყურებ, რომ „იმედის", „ რუსთავი2"-ის მთავარი ვარსკვლავია ოპოზიციურ ველზე.

 

ხელისუფლება, „ქართული ოცნება" თავისი ძალადობრივი პოლიტიკით და პროპაგანდით აპელირებს, რომ ოპოზიცია ერთმანეთში კინკლაობს, რომ ამ ოპოზიციას კოალიციური მართვა არ შეუძლია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამის საწინააღმდეგო. ივანიშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია დაპირისპირებაშია, ჩვენ უნდა ვაშენოთ ხიდები ერთმანეთთან, ჩვენ უნდა ვეკონტაქტოთ ერთმანეთს, ერთმანეთი არ ვლანძღოთ, ანუ რასაც „ლელო ძლიერი საქართველო" აკეთებს - არ პასუხობს არავის გინებას და კრიტიკას. ჩვენ დავდივართ რეგიონებში. ყველაზე რთულია დღეს რეგიონებში მუშაობა, თბილისში მარტივია, ისედაც ოპოზიციური ქალაქია. რეგიონებში, ისეთ მიუვალ სოფლებში ჩავდივართ, პოლიტიკოსის ფეხი რომ არ დადგმულა, ვამხელთ კორუფციას, ვამხნევებთ ადამიანებს", - განაცხადა კუპრაძემ.