ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქცია აღასრულოს, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, წიაღსვლები, რომელიც ირანის ელჩმა ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, არარელევანტურია.

 

„ჩვენ შერჩევით არავის ვუდგებით. ყველას ობიექტურად ვუდგებით და ყველასთან დაკავშირებით მათი ქმედების შესაბამისი, ადეკვატური პასუხი იქნება. ამ შემთხვევაშიც, ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს. ის წიაღსვლები, რომელიც მას გააჩნია მ შემთხვევაში, აბსოლუტურად არარელევანტურია. ეს არ შედის ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში, მით უმეტეს, არც ელჩისა და საელჩოს საქმიანობაში", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოში ირანის ელჩის, ალი მოჯანის ფეისბუქპოსტზე, სადაც ელჩი წერს: „.დედოფალ ქეთევანის გამოსახულება თბილისში ირანის საელჩოს ფასადზე ამ საღამოს თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის ულამაზესი და წმინდა გამოსახულებით განათდა. ჩემთვის ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება; ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს. მალე ამ გვერდის მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს. წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე. შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს".