“ნამდვილად საეჭვოა, თუ რა ნიშნით გასცა გიგი უგულავამ 2011 წელს ატენის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა 10.0 კოეფიციენტით”-რევაზ სოხაძე

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც რევაზ სოხაძემ განმარტა, აღნიშნულ მისამართზე მშენებლობის ნებართვა, წარმოუდგენლად მაღალი, 10.0 კოეფიციენტით, იმ დროინდელმა ქალაქის მერმა გიგი უგულავამ გასცა. რევაზ სოხაძის თქმით, გამოითქვა ეჭვი, რომ ამ მშენებლობასთან დაკავშირებით, შესაძლოა კორუფციული გარიგება არსებობდეს. ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ  აღნიშნული განცხადების ავტორებს მოუწოდა შესაძლო კორუფციული გარიგებები წინა ხელისუფლებასთან გაარკვიონ.

„ნამდვილად საეჭვოა, თუ რა ნიშნით გასცა გიგი უგულავამ 2011 წელს ატენის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა 10.0 კოეფიციენტით. იმავე წელს, ამ ტერიტორიაზე მშენებლობაც კი დაიწყო. ნამდვილად საინტერესოა, თუ რის საფუძველზე გაზარდა მაშინდელმა მერმა გიგი უგულავამ კოეფიციენტი“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

რევაზ სოხაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის დიდი ძალისხმევის შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე დამტკიცებული მშენებლობის კოეფიციენტი ორჯერ შემცირდა და მხოლოდ ამის შემდეგ  გაიცა სამშენებლო ნებართვა.

„მშენებლობის კოეფიციენტი განახევრდა, რაც ურბანული თვალსაზრისით დიდი მიღწევაა. მხოლოდ კოეფიციენტის განახევრების შემდეგ, კანონმდებლობის სრული დაცვით და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ მშენებლობას მისასვლელი ატენის ქუჩიდან აქვს. რაც შეეხება სხვა სამუშაოებს, თუ იქ რაიმე სამუშაოები უკანონოდ არის ნაწარმოები, ვგულისხმობ ხეების ჭრას და სხვა, ამას მერიის შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან და რეაგირებაც შესაბამისი იქნება“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.