მედიასწავლება “ღირსეული პასუხი 2022” დასრულდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართული მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2022“ დასრულდა.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების დასასრულს სენაკში მედიის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ჯუანშერ ბურჭულაძე შეხვდა და სწავლებაში წარმატებული მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებში მედიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს „ღირსეული პასუხი 2022“-ში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადასცა.

 

„ღირსეული პასუხი 2022“ უკვე მეექვსედ ჩატარდა, მასში ტელევიზიებისა და საინფორმაციო სააგენტოების მოქმედი ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ისინი ხუთი დღის განმავლობაში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო წესით ცხოვრობდნენ. მედიის წარმომადგენლებს ჯარისკაცის „მშრალი ულუფის“ დაგემოვნება, ღამის განგაში და საჰაერო ევაკუაციაც მოუწიათ.