“კითხვები, რომლებიც ფრიდონ ინჯიას აქვს, ლეგიტიმურია”- გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, კითხვები, რომლებიც 2008 წლის ომთან დაკავშირებით „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერს, ფრიდონ ინჯიას აქვს, ლეგიტიმურია.

„ის, რომ საქართველომ გაიმარჯვა ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებში, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს არ ჩაუდენია დანაშაული ომში, არამედ ის ჩაიდინა რუსეთის ფედერაციამ, მაგრამ არც ერთ და არც მეორე სასამართლოს არ განუხილავს ის, თუ რატომ მოეწერა ხელი მოღალატეობრივ რეზოლუციას. ბუნებრივია, რომ კითხვები, რომლებიც ფრიდონ ინჯიას აქვს, ლეგიტიმურია. რატომ, რის ფასად და რა მიზნით მოაწერა ხელი მაშინდელმა ხელისუფლებამ ამ რეზოლუციას, სადაც პირდაპირ არის აღიარებული დანაშაული საქართველოს მხრიდან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ევროპელი სოციალისტები“ აგვისტოს ომის სავარაუდო დანაშაულის გამოძიებას მოითხოვს. „ჩვენ გავაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას, რათა პროკურატურამ გამოიძიოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და პარლამენტშიც შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ.