აზერბაიჯანული მხარის ინიციატივით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კრემლის ცნობით, ილჰამ ალიევმა ბოდიში მოიხადა და სამძიმარი გამოუცხადა ვლადიმირ პუტინს 20 სექტემბერს „ყარაბაღში რუსი სამშვიდობო კონტინგენტის სამხედროების ტრაგიკულად დაღუპვის გამო“.
საუბრისას აღინიშნა, რომ ჩატარდება დეტალური გამოძიება და ყველა დამნაშავეს სათანადო სასჯელი დაეკისრება. ამ საკითხზე ორი ქვეყნის გენერალური პროკურორები მჭიდრო კონტაქტზე არიან. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა, მატერიალური დახმარება აღმოუჩინოს დაღუპულთა ოჯახებს.
ამასთან, სატელეფონო საუბრისას ორივე მხარემ აღნიშნა ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების ხელშეწყობით მიღწეული საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმების სრულად განხორციელების მნიშვნელობა. კრემლის ინფორმაციით, ამ კონტექსტში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალაქ ევლახში, რუსული მშვიდობისმყოფელი კონტინგენტის წარმომადგენელთა თანდასწრებით, აზერბაიჯანისა და ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენელთა კონტაქტების დაწყებას.
ამას გარდა, კრემლის ცნობით, პუტინმა და ალიევმა განიხილეს რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების ნაბიჯები. პუტინმა ხაზი გაუსვა ყარაბაღის სომხური მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას. აზერბაიჯანულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, ითანამშრომლოს ამ საკითხებში რუს მშვიდობისმყოფელებთან.
მხარეები შეთანხმდნენ, გაააქტიურონ სამუშაო 2020-2022 წლის სამმხრივი შეთანხმებების ფარგლებში, კერძოდ, სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მომზადების კუთხით.