“გრიგოლს, ჯუანშერს, ირაკლის ვულოცავ მონათმფლობელობის დაბრუნების კანონის მიღებას” -იაგო ხვიჩია „თავდაცვის კოდექსის“ მიღებაზე

გრიგოლს, ჯუანშერს, ირაკლის ვულოცავ მონათმფლობელობის დაბრუნების კანონის მიღებას, ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც ეძინა – პრეზიდენტს ვთხოვთ მისთვის შეურაცხმყოფელ კანონს ვეტო დაადოს, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ თავდაცვის კოდექსის დამტკიცების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს კანონი არ მიეღოთ, “სამი აქციის გამართვის ჩათვლით” და „პირნათელი“ არიან მოქალაქეების წინაშე.

„ბატონ გრიგოლს (გიორგაძეს), ჯუანშერს (ბურჭულაძე) ირაკლის (ღარიბაშვილი) მინდა მივულოცო მონათმფლობელობის დაბრუნების კანონის მიღება, პარლამენტმა დიდი ხნის წვალების მერე ეს თხოვნა დაუკმაყოფილა, ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც მთელი ეს პროცესი ეძინა და ვერ აფასებდა ვერც „გირჩის” შრომას, ვერც „ბიბლიურ თავისუფლებას“ სათანადოდ ამდენი ხნის განმავლობაში, მათაც მივულოცავდი, კეთილი კომისარი ცოტა ხანში კარებთან რომ დაუკაკუნებს ჯუანშერის, გროგოლის და ირაკლის დამსახურებით. მიუღებელია ყველაფერი მასში, მიუღებელია კანონი მიიღო ისე, რომ არაფერი ახალი არ იყოს მასში, 300 გვერდიანი დოკუმენტი მიიღეს და გადავადების, თავის არიდების, იგივე პროცედურები დატოვეს, ისევ ყურადღებამიუქცეველი რჩება პროფესიონალი ჯარისკაცი და მათი ბედი არავის აინტერესებს, მიუღებელია, რომ ბოლოს და ბოლოს არ წერია ,ვის წინააღმდეგ იღებ კანონს. როგორ შეიძლება ჩვენ მთავარი მტრის წინააღმდეგ ამ პოლიტიკურ კონტექსტში რაიმე კანონი მიგვეღო და სწორედ ასეთია ეს კანონი. რაც მთავარია, ეს კანონი არის უპატივცემულობა პრეზიდენტის მიმართ, რადგან ისაა მთავარსარდალი, რომელსაც არც ერთი ბრძანების გაცემის უფლება არ აქვს, ამიტომ ყველაზე გასაგები ნაბიჯი ახლა ისაა, რომ პრეზიდენტს ვთხოვოთ მისთვის, პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხმყოფელ კანონზე ვეტოს დადება მანამ, სანამ ერთი ბრძანების გაცემის უფლება მაინც არ ექნება, ან არ იქნება მთავარსარდალი, რადგან როგორც ყველაფერი, ესეც ტყუილია „ქართული ოცნების“ ხელში – ჩვენ გვყავს მთავარსარდალი, რომელსაც არც ერთი ჯარისკაცი არ ექვემდებარება და არც ერთი ბრძანების გაცემა არ შეუძლია“, – განაცხადა ხვიჩიამ.