“ივანიშვილი ხედავს, რომ სანქციების შემდეგი სამიზნე თვითონაა”-თინა ბოკუჩავა

ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ივანიშვილი ხედავს, რომ სანქციების შემდეგი სამიზნე თვითონაა და ამიტომ ხდება კოორდინირებული ქმედებები ფარცხალაძის დასაცავად.

მისი თქმით, განვითარებული მოვლენების ფონზე, სავარაუდოდ, რთული შეხვედრა ექნებოდა ამერიკაში მყოფ პრემიერ-მინისტრს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან.

რაც შეეხება თავად ფარცხალაძეს, ბოკუჩავას თქმით, მას ხელი შეუწყვეს, რომ არ მიეღო ზიანი დასანქცირებით და ფარცხალაძემ სავარაუდოდ, მოასწრო თანხების გატანა, ისევე, როგორც ქონება გადააფორმა ოჯახის წევრზე.

„სალივანთან შეხვედრა დარწმუნებული ვარ მძიმე იყო ივანიშვილის პაიკისთვის, პრემიერად წოდებულ ღარიბაშვილისთვის, რომელიც მონური მორჩილებით ასრულებს მის ყველა დავალებას, მათ შორის იმას, რომ კოორდინირებულად მოქმედებდეს მთელი მთავრობა, ყველა სახელმწიფო უწყება ჯაშუშ ოთარ ფარცხალაძის დასაცავად. კოორდინირებულ მოქმედებებს ფარცხალაძის დასაცავად ვხედავთ იმიტომ, რომ ივანიშვილი კარგად ხედავს, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და შემდეგი სამიზნე არის სწორედ ის. ამიტომ იღებს გადაწყვეტილებებს, რომ თავი დაიზღვიოს იმ გარდაუვალ მოცემულობაში, რომლის წინაშე ის აუცილებლად დადგება, თუ არ გადააბარებს დროულად, მშვიდობიანად ხელისუფლებას”, – განაცხადა ბოკუჩავამ.