“სააკაშვილის მოწოდებები მორიგი დასტურია იმისა, რომ მათ გონებაში რევოლუციური გეგმა იხარშება”-ირაკლი კობახიძე

სააკაშვილის მოწოდებები მორიგი დასტურია იმისა, რომ მათ გონებაში რევოლუციური გეგმა იხარშება, რომელიც ბუნებრივია განწირულია. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავმშვიდდეთ, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

იგი სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის მიერ, ქუჩის აქციების მოწყობაზე, გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, რაც უფრო სუსტია რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო მეტი რისკი არსებობს პროვოკაციების მოწყობის კუთხით.

„გუშინ მთელი დღის განმავლობაში ატყუებდნენ მოსახლეობას, რომ დეპოზიტები გაეყინებოდათ, ბარათით ვეღარ გადაიხდიდნენ ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ, ანუ ათასი სისულელე უთხრეს საზოგადოებას და 200 კაცზე მეტი მაინც ვერ გამოიყვანეს ქუჩაში ამდენი ტყუილის ფონზე. მათ ხომ შეუძლიათ საკუთარი მხარდამჭერები მაინც მოატყუონ, საკუთარ მხარდამჭერებსაც ვეღარ ატყუებენ. ამდენი ტყუილები თქვეს და მძიმე შიშები უნდა შეექმნათ, ისეთ რაღაცას ეუბნებოდნენ – 200 კაცზე მეტი ვერ გამოიყვანეს რეალურად ქუჩაში! საზოგადოება უკვე ძალიან გამოცდილია და ასეთ ტყუილებსაც აღარ იღებს და ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება. შესაბამისად, ეს აქცია ჩავარდა.

რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებებს, მისი მოწოდებები მორიგი დასტურია იმისა, რომ მათ გონებაში ეს რევოლუციური გეგმა იხარშება, რომელიც ბუნებრივია განწირულია. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავმშვიდდეთ. რაც უფრო სუსტია ეს რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო მეტი რისკი არსებობს პროვოკაციების კუთხით. ისინი სისუსტის ფონზე არიან ყველაფერზე წამსვლელი – კაცი შეიძლება მოკლან. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე! არ მოუკლავთ თუ რა?! ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, კაცი შეიძლება მოკლან იმისთვის, რომ როგორღაც სცადონ აქ ვითარების ადუღება. არაფერი გამოუვათ, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა კობახიძემ.