გიორგი ტყემალაძე – მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ შემუშავებული მოსაზრებები და რეკომენდაციები მერიაში გაიგზავნა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ შემუშავებულ რეკომენდაციებზე მუშაობა გაგრძელდება.

განცხადება ამის შესახებ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

„მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა არ დავარღვიოთ. მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ შემუშავებული მოსაზრებები და რეკომენდაციები მერიაში გაიგზავნა. თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში, კერძოდ დღეიდან – 10 დეკემბრამდე აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა ამ რეკომენდაციებზე“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში, ფინანსთა სამინისტროსთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, ცნობილი გახდება დაზუსტებული ტრანსფერის ოდენობა და გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტში მნიშვნელოვანი სიახლეები გამოიკვეთება.

„როდესაც ისმება კითხვები, თუ რა ზრდაზეა საუბარი, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ წლის განმავლობაში ბიუჯეტის ზრდა არაერთხელ ხდება. ახლა ვადარებთ დამტკიცებულ ბიუჯეტს და არა დაზუსტებულს. ჯერ არასაბოლოო ნიშნულს მიღწეულ ბიუჯეტზე ვსაუბრობთ, რომელიც 10 დეკემბერს კიდევ უფრო გაზრდილი იქნება.

დღევანდელი მოცემულობით დაახლოებით 133 მილიონით ნამდვილად არის ზრდა და თუ ამას იმ სავარაუდო ზრდასაც დავამატებთ, რომელიც 10 დეკემბერს წარმოდგენილ პროექტს ექნება, მაშინ მატება კიდევ უფრო მეტი იქნება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.