“თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილი ციფრები გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წელი იქნება ძალიან პროდუქტიული”-ირაკლი ხელაძე

„საერთო ჯამში, თბილისის  2023 წლის ბიუჯეტის პროექტით  წარმოდგენილი ციფრები და ფინანსთა სამინისტროდან დამატებითი ტრანსფერების მოლოდინი გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ  მომდევნო წელი იქნება ძალიან პროდუქტიული, ბევრად ნაკლები პრობლემით, ბევრად მეტი დაკმაყოფილებული საჭიროებით და ხვალინდელი თბილისი იქნება აუცილებლად უკეთესი“, – განაცხადა დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე წარმომადგენლობითი ორგანოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ხელაძემ.

დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი ხელაძემ დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე და ძირითად პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 133 მილიონი ლარით არის გაზრდილი და  1,438,775 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ძირითად პრიორიტეტებს: ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა, რომელიც ასევე მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას;  ასევე მომდევნო წელს გაგრძელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, გზების მშენებლობა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა; გაგრძელდება დაწყებული პროექტები, ისტორიული შენობების და ძეგლების რეაბილიტაცია;  მომდევნო წელს დაგეგმილია როგორც პარკების, ასევე სკვერების მშენებლობა. 2023 წელს დასრულდება 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, ასევე სპორტის და ზოგადად ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშესაწყობად გაგრძელდება სპორტული ობიექტების მშენებლობა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა.