“2023 წლის ბიუჯეტის პროექტი დედაქალაქის მოთხოვნებზეა ორიენტირებული” – ოთარ გრიგოლია

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის სამუშაო ჯგუფის შეიქმნის თაობაზე ოპოზიციის ინიციატივას ეხმაურება.

როგორც ოთარ გრიგოლია აღნიშნავს, ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ ვალდებულება, ბიუჯეტის პროექტზე იმუშაონ და შედეგად, საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები წარმოადგინონ, რაც კონკრეტული ჯგუფის შექმნა არ საჭიროებს.

რაც შეეხება 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს, ოთარ გრიგოლიას განმარტებით, ის 133 მილიონი ლარითაა გაზრდილი და დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან ყველა გამოწვევას პასუხობს.

„წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი რომ სოციალურად არის ორიენტირებული, ეს ცალსახაა. საუბარი იმაზე, თითქოს, ბიუჯეტს ამ მიმართულებით პრობლემა აქვს, აბსურდია და გამოწვეულია ჩვენი ოპონენტების მიერ ბიუჯეტის ვერ გაგებით, ან მათი არაკვალიფიციურობით“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

მან ასევე ტყუილი უწოდა ოპოზიციის ბრალდებას, რომლის თანახმადაც, ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებისა და ავარიული კორპუსების დაფინანსება მცირდება.

გრიგოლიას განმარტებით, პირველადი ბიუჯეტის პროექტისა და უკვე შემდგომ, დაზუსტებული ბიუჯეტის შედარება უნდა მოხდეს.

„სწორედ, მეორე დაზუსტებულ ბიუჯეტში აისახება როგორც სახელმწიფო ტრანსფერი, ასევე ნაშთი და შემოსავლები, რის ხარჯზეც, თებერვლისთვის არსებული ბიუჯეტი რამდენიმე ათეული მილიონი ლარით კიდევ გაიზრდება, სადაც მოხდება როგორც ტრანსპორტის, ასევე ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული ხარჯების გათვალისწინება“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.