გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძე დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც კი ელჩებთან დაკავშირებით პრეზიდენტთან შევიდა, დაკმაყოფილებულია და პრეზიდენტის მხრიდან შეფერხება არ ყოფილა.

დავით ბაქრაძე აღნიშნულ თანამდებობაზე კახა იმნაძეს შეცვლის.

დავით ბაქრაძე 2016 წლის დეკემბრიდან იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2022 წლის აპრილში ის ამ თანამდებობაზე საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეცვალა.

მანამდე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დავით ბაქრაძის გაეროში დანიშვნას ეწინააღმდეგებოდა და შესაბამის წარდგენას ხელს არ აწერდა.

სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის პერიოდში წარდგენილი 37 ელჩიდან, 36-ის დანიშვნას მოაწერა ხელი და დარჩენილი იყო დავით ბაქრაძე.

„5 წელი იყო ელჩი ამერიკაში და არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის, არ უნდა იყოს დანიშნული გაერო-ში, წავიდეს სხვაგან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა  პირველ არხთან ინტერვიუში.