აშშ უკრაინას დამატებით 725 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 725 მილიონი დოლარის ოდენობით სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.

როგორც „ბიბისი“ წერს, აღნიშნული თანხით თავდაცვისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა, ასევე სამხედრო მომზადებისა და სწავლების ხარჯები დაიფარება.

თეთრი სახლი ასევე მუშაობს უკრაინისთვის დაჩქარებული წესით ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა „ნასამსების“ მისაწოდებლად. პენტაგონის ცნობით, ახალ პაკეტში შევა „ჰაიმარსის“ საარტილერიო-სარაკეტო სისტემისთვის დამატებითი საბრძოლო მასალები, 23 000 ერთეული საარტილერიო ჭურვი, 5 000 ერთეული დისტანციური ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, რადიოლოკაციური რაკეტები, 200-მდე ერთეული სატრანსპორტო საშუალება.

აშშ-მა უკრაინას 2021 წლის იანვრის შემდეგ სამხედრო დახმარების სახით 18,2 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოუყო.