არანაირი ანტიდასავლური კამპანია, მათ შორის „ქართული ოცნებიდან“ წასული ჩვენი სამი კოლეგის მხრიდან არ მომდინარეობს – შალვა პაპუაშვილი

შემიძლია ცალსახა ვიყო – არანაირი ანტიდასავლური კამპანია, მათ შორის „ქართული ოცნებიდან“ წასული ჩვენი სამი კოლეგის მხრიდან არ მომდინარეობს – სასაცილოა ანტიდასავლურობა სოზარ სუბარს დააბრალო, რომელსაც ამ ქვეყანაში უფრო მეტი ევროპული საქმე აქვს გაკეთებული, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების ნახევარზე მეტს, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

“ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან გასული წევრების რიტორიკაზე დასმული კითხვის პასუხად პაპუაშვილმა განაცხადა, რომ “ანტიდასავლურ კამპანიაზე საუბარი, უბრალოდ სასაცილოა“.

პაპუაშვილმა ამ კონტექსტში ისიც აღნიშნა, რომ დემოკრატიული დისკუსიის ნაწილია, როდესაც ადამიანი საკუთარ აზრს გამოთქვამს და შეფასებებს აკეთებს.

„არ ვიცი, როგორ უნდა გავემიჯნო ან რა უნდა გავაკეთო, ვერ ვხვდები… იცით, რომ ეს სამი ადამიანი „ქართული ოცნებიდან“ გავიდა. გამომდინარე აქედან, მათი განცხადებები „ქართული ოცნების“ განცხადება არ არის.

განცხადებებმა პროცესი როგორ უნდა დააზიანოს?! ერთადერთი, რაც პროცესს დააზიანებს არის ის, რომ 12 პრიორიტეტის გარშემო არაფერი გავაკეთოთ. დღეს ოპოზიცია არაფრის კეთებით არის დაკავებული და პროცესს ამით აზიანებს.

ჩვენმა სამმა კოლეგამ პარტია დატოვა. რატომაც დატოვეს, სწორედ ამას აკეთებენ – მათ უნდათ უფრო მეტი განცხადებები და შეფასებები აკეთონ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და მათი განცხადებების კომენტირებას საჭიროდ არ ვთვლი.

იქნება ჩვენი სამი კოლეგის თუ საკრებულოს წევრების განცხადებები, მათი მოტივაცია არის ღია საუბრისა და დისკუსიის საჭიროება. ესეც დემოკრატიული დისკუსიის ნაწილია – ადამიანი როდესაც საკუთარ აზრს გამოთქვამს და შეფასებებს აკეთებს, ამის დისკრედიტირება სხვადასხვა ეპითეტებით, ნაცვლად იმისა, რომ მასზე იყოს მსჯელობა, უკვე არადემოკრატიულია. ადამიანებს საკუთარი მოსაზრება და საკუთარი აზრი აქვთ. ამ აზრს თუ ინფორმაციას ყველამ საპირისპირო მოსაზრება უნდა დაუპირისპიროს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ლაგოდეხში, ჭიათურასა, თერჯოლაში და ახალციხეში „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა თანამდებობა და პარტია დატოვეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება იმ პარლამენტარების მხარდასაჭერად მიიღეს, რომელთაც „ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ დატოვეს – საუბარია მიხეილ ყაველაშვილზე, დიმიტრი ხუნდაძესა და სოზარ სუბარზე. ამასთან, საკრებულოს წევრები უკმაყოფილებას გამოხატავენ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ იმ განცხადების გამო, რომლითაც დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის მიერ მისდამი განკუთვნილ საჯარო წერილს გამოეხმაურა.