ამ ფორმულას სხვადასხვა სიღრმისეული აზრებით ავსებს – გია ვოლსკი დავით არახამიას პასუხობს

თურმე ქართველი ხალხისთვის მას სიკეთე უნდა და ომში ჩართვა ყოფილა ქართველი ხალხის ოცნება და ყოველდღიური ფიქრის საგანი – ეს რჩება მშრალი ნაშთი იმისგან, რა ინსინუაციებსაც ეწევა არახამია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე – სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც სანქციების თაობაზე უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, მისი განცხადებები სანქციებთან დაკავშირებით, ომში საქართველოს ჩართვის სურვილს უკავშირდება.

„ფორმულა რომ პრიმიტიული გავხადოთ, ასეთია მოწოდება – ქართველი ხალხისთვის სიკეთე გვინდა, ამიტომ უნდა მოვიდეს სააკაშვილი და მან უნდა უზრუნველყოს მეორე ფრონტის გახსნა. ეს არის მთავარი ფორმულა, ამ ფორმულას ხანდახან სხვადასხვა სიღრმისეული აზრებით ავსებს არახამია, მაგრამ მთავარი საკითხი ეს არის, რომ თურმე ქართველი ხალხისთვის მას სიკეთე უნდა და ომში ჩართვა ყოფილა ქართველი ხალხის ოცნება და ყოველდღიური ფიქრის საგანი. ეს რჩება მშრალი ნაშთი იმისგან, რა ინსინუაციებსაც ის ეწევს, რომ იქ ვიღაც უნდა დასანქცირდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება თურმე რევოლუციური გზით უნდა წავიდეს და ამ დროს მეორე მხრიდან გვესმის სააკაშვილის განცხადებები, „ნაცმოძრაობის“ განცხადებები, რომ სწორედ ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს მოვლენები, რომ მოხდეს მეორე ფრონტის გახსნა, ამ თემიდან თუ გამოხვალთ, მიხვდებით, რას წარმოადგენს არახამია და რამდენად დიდი სიკეთე უნდა ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფინანსები არ არის ივანიშვილისთვის განმსაზღვრელო ფაქტორი, თუ როგორ უნდა მოიქცევა.

“ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც პატრიოტიზმი, ქვეყნისათვის თავდადება არის მთავარი თემა. არ არსებობს არანაირი ფინანსური მექანიზმი, რომელიც მას გადააწყვეტინებს, რომ ან პოლიტიკაში დაბრუნდეს ან ზემოქმედება მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე კანონის დარღვევით. მისი ადვოკატი ფაქტებზე საუბრობს. საოცარია, რომ შვეიცარიულმა ბანკმა გადადგა ასეთი ნაბიჯი, როცა მეორე მსოფლიო ომის დროსაც შენარჩუნებული ჰქონდა თავის ავტორიტეტი, თავის ნეიტრალობით, საბანკო სისტემით. როცა ბანკის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ამის საფუძველი, ესე იგი იჭრება ისეთ პოლიტიკურ პროცესში, რომელიც თქვენ საშუალებას გაძლევთ მე კითხვები დამისვათ და აბსოლუტურად ლოგიკურია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადვოკატების თემა იქნება. მარტო საქართველოს მიმართ რომ იყოს რეზოლუცია, მე ვიტყოდი, რომ კი, რაღაც საკითხია ისეთი, რომელიც ექსკლუზიურია, მაგრამ სულ ახლახან პოლონეთის მიმართ მიიღო ძალიან მკაცრი რეზოლუცია, რომელშიც გმობს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომ პოლონეთს გაუხსნეს დახმარების ტრანში. ასე რომ, სამწუხაროა, თუ ბანკი გარკვეულ პოლიტიკურ თამაშებში იღებს მონაწილეობას,”- განაცხადა ვოლსკიმ.