ბევრ საკითხზე იყო მსჯელობა, ვწუხვარ, რომ ოპოზიციონერი კოლეგებიდან ყველა არ იყო წარმოდგენილი – ანა ბუჩუკური

კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი მხრიდან, უმნიშვნელოვანესი პროცესი, რასაც ჰქვია დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეფორმების განხორციელება, დაკავშირებული იქნას საკონსტიტუციო ცვლილებებთან,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ნაწილის წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარისგან არ მიუღია დამაჯერებელი პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა კომპრომისისთვის იქნება მზად “ქართული ოცნება” დეპოლარიზაციის შესამცირებლად.

“ეს იყო პირველი შეხვედრა და რომ გითხრათ, რომ ძალიან განსაკუთრებული მოლოდინებით შევედი, ასე არ იყო. ბევრ საკითხზე იყო მსჯელობა, ვწუხვარ, რომ ოპოზიციონერი კოლეგებიდან ყველა არ იყო წარმოდგენილი, როცა პოლარიზაციაზე არის საუბარი, ეს ჩვენს გუნდს ნამდვილად არ ეხება, პოლარიზაციის წყარო პარტია “საქართველოსთვის” ნამდვილად არ არის.

ჩვენი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი მხარის მხრიდან უმნიშვნელოვანესი პროცესი, რასაც ჰქვია რეფორმების განხორციელება, რათა დეკემბერში საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, დაკავშირებული იქნას საკონსტიტუციო ცვლილებებთან, რომელიც უკავშირდება ბარიერის დაწევას. ეს საკითხი არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, მაგრამ არ შეიძლება ეს საკითხი იყოს მთავარი პრიორიტეტი და ესეც დავაფიქსირე ამ შეხვედრაზე. ჩვენი გუნდი მზად არის მაქსიმალურად ჩაერთოს და მაქსიმუმი გააკეთოს იმისთვის, რომ თუნდაც ის 1 პროცენტიანი შანსი, რაც არსებობს, რომ საბოლოო ჯამში დადებითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული დეკემბერში, მაქსიმალურად იქნას გამოყენებული”, – განაცხადა ბუჩუკურმა.