არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ

საქართველოს ოპოზიციური პარტიები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართავენ. აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებენ.

ოპოზიციონერთა თქმით, აღნიშნული განცხადება საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან არის დაკავშირებული, კერძოდ კი მიმართვა ეხება საარჩევნო სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებს. ოპოზიციონერთა თქმით, საარჩევნო ბარიერი უნდა განისაზღვროს არა 2% პროცენტის ოდენობით, არამედ ბუნებრივი ბარიერის – 0,67%-ის სახით.

„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა პოლიტიკური სპექტრის პოლარიზაცია ორ პოლუსს შორის. ხელისუფლება და ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას შორის დაპირისპირების დასრულება მითითებულია როგორც პირობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ჩვენი აზრით დეპოლარიზაციისათვის აუცილებელი შესაბამისი ინსტიტუციური გარემო. როგორც ცნობილია ევროკავშირის პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმებით საარჩევნო ბარიერი უნდა შემცირდეს ბუნებრივ ბარიერამდე ან არაუმეტეს 2%-სა შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები.

აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციაში პირველი მოსმენით უკვე მიღებულია ცვლილება საარჩევნო ბარიერის შემცირების შესახებ.

მიგვაჩნია რომ საქართველოს მსგავსი პოლარიზაციის რეალურად დასაძლევად საჭიროა მეორე მოსმენით კენჭისყრამდე შევიდეს სამი მნიშვნელოვანი ცვლილება:

  1. საარჩევნო ბარიერი განისაზღვროს არა 2% პროცენტის ოდენობით, არამედ ბუნებრივი ბარიერი – 0,67%;
  2. აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილებები იყოს მუდმივი, ნაცვლად შემდეგი ორი არჩევნებისა;
  3. არჩვენებში მონაწილეობის უფლება მიეცეს არა მხოლოდ პარტიებს, არამედ საარჩევნო ბლოკებსაც.

ამ ცვლილებების განხორციელება იქნება გარანტია ქართული პოლიტიკური სპექტრის გარანტირებული მრავალფეროვნების, გამორიცხავს ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ხელისუფლების ყველა შტოს ერთპიროვნულ კონტროლს და იქნება სტიმული თანამშრომლობის და კოალიციური წესით ხელისუფლებების მომავალში დაკომპლექტების.

ჩვენი აზრით ევროპულ გზაზე მიმავალ ქვეყნისთვის რომელსაც აქვს 30 წლიანი პოლარიზაციის მძიმე ისტორია გვჭირდება ჰოლანდიის საარჩევნო მოდელის მსგავსი სისტემა რაც აუცილებლად მოგვიტანს მრავალფეროვნებას და ინტენსიური თანამშრომლობის საჭიროებას.

ზემოთ აღნიშნული ცვლილებები სრულად შეესაბამება „შარლ მიშელის შეთანხმებით“ გათვალისწინებულ პირობებს, იმავდროულად გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში არსებობს საარჩევნო ბლოკების შექმნის დიდი ტრადიცია და თავად „ქართული ოცნებამ“ 2012 წლის არჩევნებში გაიმარჯვა სწორედ როგორც საარჩევნო ბლოკმა. სხვათა შორის სწორედ საარჩევნო ბლოკებმა უზრუნველყვეს ხელისუფლების ყველა მშვიდობიანი გადაბარება საქართველოში (1990 და 2003 წლებშიც). საარჩევნო ბლოკები არის კარგი საშუალება იმისათვის რომ მოხდეს ძალზე ფრაგმენტირებული ქართული პოლიტიკური სპექტრის ეტაპობრივად კონსოლიდაცია. საარჩევნო ბლოკების გარეშე პოლიტიკური ძალები იძულებული იქნებიან უარი თქვან არჩვენებში დამოუკიდებლად მონაწილეობაზე და კენჭი იყარონ ან „ქართული ოცნების“ ან „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით, რაც ისევ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს ელექტორატის ნახევარზე მეტს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს სწორედ ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის ძალისხმევით კონსტიტუციაში გათვალისწინებული იქნა ერთჯერადი ნორმა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაწილეობისათვის დაშვებულ იქნენ საარჩევნო ბლოკები.

იმედი გვაქვს ხელისუფლების მიერ დეკლარირებული „ეროვნული თანხმობის“ პოლიტიკის ფარგლებში მიღწეულ იქნება ზ/ა საკითხის შესახებ შეთანხმება, რაც საფუძვლად დაედება პოლიტიკურ ძალთა დიალოგს სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც და გამორიცხავს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარებას არაკონსტიტუციური სცენარით.

იმავდროულად ვთხოვთ, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართოს, რათა მიღწეულ იქნეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება ზემოაღნიშნულ საკითხზე“, – აღნიშნულია ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპარლამენტო ოპოზიციიდან აღნიშნულ მიმართვის ხელმომწერები არიან: „გირჩი“ – იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკური პარტია“ – ხათუნა სამნიძე, „სახელმწიფო ხალხისთვის“ – ნიკა მაჭუტაძე, ხოლო არასაპარლამენტო პარტიებიდან განცხადებას ხელს აწერენ: „ევროპელი დემოკრატები“ – პაატა დავითაია, „ერთიანი საქართველო“ – ნინო ბურჯანაძე, „თავისუფალი საქართველო“ – კახა კუკავა, „თავისუფლება“ – მალხაზ გორგასლიძე, „სამართლიანობისთვის“ – ეკა ბესელია, „სამოქალაქო უფლებებისათვის“ – ზურაბ ხარატიშვილი, „ტრიბუნა“ – დავით ჭიჭინაძე, „ქართული არჩევანი“ – ბეჟან გუნავა და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – გოჩა ჯოჯუა.