გაბუტვებს, კუთხეში დადგომას, ტუჩების აბზუებას თავი დავანებოთ, მობრძანდით და ვისაუბროთ – გია ცაგარეიშვილი კოლეგებს მიმართავს

მოვუწოდებ კოლეგებს, გაბუტვებს, კუთხეში დადგომას, ტუჩების აბზუებას თავი დავანებოთ, მობრძანდით და ვისაუბროთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პირობების განხორციელების პროცესში ოპოზიცია იმიტომ არ ერთვება, რომ ვითარება მეტად დაძაბონ. ცაგარეიშვილი მათ ურჩევს, იმის ლოდინს, „სად ამოუტრიალდება ფეხი ხელისუფლებას,“ სჯობს, ერთად გაიარონ ეს გზა, რომელიც სტატუსის მისაღებად არის საჭირო.

„ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს ეს მოსწონს თუ არა, ჩვენ ვართ ხელისუფლებაში 2024 წლამდე, სხვა პროცესი აქ ვერ წარიმართება, პროცესი უნდა იყოს ხელისუფლების მიერ წარმართული. სწორედ ხელისუფლების მისამართით არის ევროკომისიის და ევროსაბჭოს რეკომენდაციები და გიორგი ვაშაძემ რაც არ უნდა ტანზე შემოიხიოს, არ არის ხელისუფლება, ღმერთმა არ ქნას, ვერც იქნება ვერასდროს, დარწმუნებული ვარ. ამიტომ მოითმინონ, დაფიქრდნენ და მოვიდნენ ხელისუფლებასთან სასაუბროდ. მეც ვყოფილვარ მძიმე მდგომარეობაში ჩემი წინა ცხოვრებიდან გამომდინარე აქ, პარლამენტში, მაგრამ კოლეგებთან ყოველთვის ვახერხებდი საერთო ენის გამონახვას, სანამ ოჯახებში არ შემოგვივარდნენ თოფებით. ამიტომ მოვუწოდებ კოლეგებს, გაბუტვებს, კუთხეში დადგომას, ტუჩების აბზუებას, თავი დავანებოთ, მობრძანდით და ვისაუბროთ. მესმის, ჩვენი ხილვა არ მოგწონთ, ჩვენც არ გვეხატებით გულზე, მაგრამ ეს ქვეყანა ხომ გვეხატება გულზე, ხომ გვიყვარს საქართველო, თუ გვძულს?! თუ გვიყვარს, მაშინ მოდით და ვისაუბროთ. რაღაცაზე მოვრიგდებით, რაღაცაზე ვერ შევთანხმდებით, გამოვიდეთ და ხალხს ვუთხრათ ეს ყველაფერი, რაზე შევთანხმდით და რაზე ვერა. თითქმის ორი წლის უკან იყო ეს 19 აპრილის ავადსახსენებელი შეთანხმება, რაზეც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა და შემდეგ ამის ანულირება მოხდა. ამ პროცესის ტორპედირება მოახერხეს და წვრილ-წვრილი, თავის ჩრდილში მყოფი პარტიები ჩაითრიეს, რომ შეთანხმება ჩაეშალათ. რა მიიღეს შედეგად? მივიღეთ ისევ გაღრმავებული პოლარიზაცია და მათი მარცხი“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.