„ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის მონაცვლეობის საკითხში თბილისის მერს საკრებულოს უმრავლესობის სრული მხარდაჭერა აქვს“ – გიორგი ტყემალაძე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, მმართველი გუნდის საარჩევნო დაპირება იყო, რომ სარეკრეაციო სივრცეებში არცერთი მშენებლობა არ განხორციელდებოდა.

„შეიძლება ითქვას, რომ პირველივე დღიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობდა და მიმდინარეობს დღესაც, რომ  პარკებში უკვე გაცემული ნებართვების და გასხვისებული ობიექტების გამოსყიდვა მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ ცოტა ხნის წინ იყო მზიურის ტერიტორია და მუნიციპალიტეტმა გამოისყიდა, დღეს არის ვაკის პარკი და მომავალშიც იქნება. სამწუხაროდ, გვაქვს წინა ხელისუფლების პერიოდში გასხვისებული ბევრი ასეთი ობიექტი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საკომპენსაციო თანხა 5 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარის ნაცვლად, 2 მლნ 800 ათასი აშშ დოლარი შეადგენს. ამ შეთანხმების შესაბამისად, ვაკის პარკის ტერიტორია უკვე სრულად გადმოეცემა მუნიციპალიტეტს,“- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

გიორგი ტყემალაძემ იმ პროცედურებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც აღნიშნული მონაცვლეობის საკითხი თბილისის საკრებულოში გაივლის.

„ასეთ საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა, როგორც დარგობრივი კომისიების ფორმატში, ასევე  ფრაქციულ ფორმატში. ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის საკითხში თბილისის მერს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. ჩვენ ველოდებით, რომ დღეს, თბილისის მთავრობის სხდომის შემდგომ, საკითხი დაჩქარებული წესით იქნება გადმოგზავნილი თბილისის საკრებულოში და უახლოეს სხდომაზე, კონკრეტულად 23 დეკემბერს, ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას,“ -დასძინა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.