ჩუღურეთის რაიონში კუკური ჭოხონელიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში, მუსიკოსის, ფოლკლორისტისა და პედაგოგის კუკური ჭოხონელიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა.

ღონისძიება საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. ნინო ვარდოსანიძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და საკრებულოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩუღურეთის რაიონში გავხსენით დიდი ქართველი მუსიკოსის, პედაგოგისა და ფოლკლორისტის კუკური ჭოხონელიძის სახელობის ქუჩა. ვფიქრობ სიმბოლურია, სადაც თავად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სწორედ ამ ქუჩაზე განხორციელდა აღნიშნული სახელდება ‘‘,-განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით გიორგი ტყემალაძემ მიმართა და კუკური ჭოხონელიძის შემოქმედებასა და ღვაწლზე ისაუბრა.

,,დღეს განსაკუთრებული დღეა. ოფიციალურად გავხსენით კუკური ჭოხონელიძის სახელობის ქუჩა. ამ ისტორიულ უბანს უკავშირდება მისი ცხოვრების დიდი ნაწილი , როგორც შემოქმედებითი ასევე ცხოვრებისეული.დიდია ამ ადამიანის ღვაწლი ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის წინაშე. ეს არის ის მცირე წვლილი რაც ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ მისი სახელის უკვდავსაყოფად’’,-აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

კუკური ჭოხონელიძის შემოქმედებაზე, მის ისტორიებსა და იუმორზე მისმა მეგობრებმა და ახლობლებმა ისაუბრეს.

გახსნის ცერემონიალს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე , საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე , საქართველოს პარლამენტის წევრები ასევე კუკური ჭოხონელიძის ოჯახის წევრები, მეგობრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.