„უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ შურსიძიებს რუსეთზე თავისი ცოლის მოწამვლის გამო“ – The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს ინტერვიუს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს უფროსთან, გენერალ კირილო ბუდანოვთან სათაურით „უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ შურს იძიებს რუსეთზე თავისი ცოლის მოწამვლის გამო“.

გენერალს ესაუბრებიან გაზეთის ჟურნალისტები დომინიკ ნიკოლსი, ელიოტ დეილი და ჯოშ ბორნი.
ექსკლუზიური ინტერვიუს პირველ ნაწილში კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნები დიდ და განუზომელ სადაზვერვო დახმარებას უწევენ უკრაინას – ისინი აწვდიან მონაცემებს რუსეთის არმიის მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებული რაკეტების თაობაზე, რომლებშიც განსაზღვრულია დრო და ადგილი.

უკრაინის ჯაშუშური სამსახურის უფროსმა, რომლის ოფისში ნახევრად სიბნელეა, შენობის ფანჯრები სილით სავსე ტომრებით არის ამოქოლილი, გალიაში კი კანარის ჩიტი მოჩანს (ალბათ, რუსების მიერ გაზით სავარაუდო შეტევის გამაფრთხილებლად), ასევე განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების სპეციალური სააგენტოები უკრაინას რუსი ჯაშუშების მოძებნასა და მიგნებაში ეხმარებიან. მისი თქმით, რუს ჯაშუშებს განსაკუთრებით აინტერესებთ დასავლეთის (ნატოს) ქვეყნების მიერ უკრაინისათვის გადაცემული იარაღი.

კითხვაზე – როგორ აფასებს იგი რუსეთის შიგნით პარტიზანების მოქმედებას – გენერალი ბუდანოვი, რომლის წინააღმდეგ თავდასხმის რამდენიმე მცდელობა იყო – პასუხობს, რომ დაზვერვა ომის დროს არამარტო მონაცემების შეკრებაზეა პასუხისმგებელი, არამედ მტრის ზურგში სპეციალური ოპერაციების ჩატარების თაობაზეც.

„მუშაობა ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებთან – თქვენ შეგიძლიათ მათ პარტიზანები უწოდოთ – ეს ჩვენი ფუნქციების მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ ვეხმარებით მათმხარს ვუჭერთ და ერთად ვმოქმედებთ… ზოგჯერ კი ვთხოვთ ზოგიერთი დავალების შესრულებასაც“, – აღნიშნავს ინტერვიუში კირილო ბუდანოვი.

გენერალმა ასევე თქვა, რომ მისი მეუღლის მარიანა ბუდანოვას ჯანმრთელობა თანდათან უმჯობესდება გასულ წელს მძიმე მეტალებით მოწამვლის მცდელობის შემდეგ, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, რუსეთის სპეცსამსახურებმა განახორციელეს.

კირილო ბუდანოვის თქმით, მან კარგად იცის, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მისი ცოლის მოწმავლის მცდელობის გამო, თუმცა დაამატა: „ასეთი საკითხების გადაწყვეტას დრო ჭირდება. დადგება მომენტი და ყველა გაიგებს, თუ რას ნიშნავს ჩვენი მოქმედება“.

წყარო