“თუ მას შეუძლია გასვლა-შემოსვლა, მაშინ რატომ წევს კლინიკაში?”- ნინო ნადირაძე სააკაშვილზე

„ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, კლინიკა სასამართლო პროცესზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურად დასწრების ნებართვას არ გასცემს.
 
ნინო ნადირაძის განცხადებით, მსგავსი ტიპის რეკომენდაცია კლინიკას არასდროს, არცერთი პატიმრის შესახებ არ გაუცია.
 
როგორც  ნადირაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად საჭიროებს ექიმების მონიტორინგს და პალატის დატოვების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მოსალოდნელია სიტუაცია გართულდეს.
 
„გასვლა ნიშნავს იმას, რომ კლინიკას ტოვებს და ამის შემდგომ ისტორია იხურება. ასე არის იურიდიულად. საერთოდ, როდესაც პაციენტი კლინიკაში წევს, ჩვენ გაყვანის რეკომენდაციას არასდროს ვიძლევით. თუ მას შეუძლია გასვლა-შემოსვლა, მაშინ რატომ წევს კლინიკაში? მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში აგრძელებს.
 
გარდა ამისა, როცა ადრე კლინიკას გვთხოვდნენ, რეკომენდაცია გაგვეცა მისი სასამართლო სხდომაზე დასწრების შესახებ, აქ მთელი „ჯარი“ იყო შემოსული, რომ არ გაბედოთ, არ გასცეთ რეკომენდაციაო და ეს მაშინ, როცა ბევრად უკეთესად იყო. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, მათ ლოგიკასაც ვერ ვწვდები. სანამ პაციენტი კლინიკაში იმყოფება, ჩვენ ასეთ რეკომენდაციას ვერ გავცემთ. როდესაც კლინიკაში აღარ იქნება, სადაც იქნება შემდეგ, იმ დაწესებულებამ გასცეს რეკომენდაცია. სხვა შემთხვევაა, როდესაც პაციენტი გამოკვლევებზე გადაგყავს, სხვა კლინიკაში გადადის და ა.შ.“ – განაცხადა ნინო ნადირაძემ.
 
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო პროცესი, 9 იანვარს არის ჩანიშნული. სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის დასწრებას ითხოვს.