თსუ-ს ყოფილი ბუღალტერი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე დააკავეს,

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ბუღალტერი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თსუ-ის ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით – 165 000 ლარი.

„პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და უნივერსიტეტის შიდა აუდიტის მომართვების საფუძველზე დაიწყო.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა „თიბისი ბანკი” შეცდომაში შეიყვანა, თითქოს, უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, რის შედეგადაც უკანონოდ მიიღო 105000 ლარის კრედიტი.

დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების, მითვისებაში დახმარების და კრედიტის უკანონოდ მიღების მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.