შვედეთში მეწყრის შედეგად ავტომაგისტრალი ჩამოინგრა

შვედეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ავტომაგისტრალი ჩამოინგრა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, სტიქია გასულ ღამეს მოხდა, რომლის შედეგად ავტომობილების ნაწილი გზიდან გადავარდა.

შემთხვევა შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქ გეტებორგისა და ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

მეწყრის შედეგად დაზიანდა 14 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია. მათ შორის ტყის მასივი, ბენზინგასამართი სადგური და რესტორანი. რამდენიმე ადამიანი მეწყრის ზონიდან მეხანძრეებმა ვერტმფრენით გამოიყვანეს. სამი ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

შვედეთის სატარნსპორტო ადმინისტრაციის ცნობით, სტიქია გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. გეოლოგები მეწყრის გამეორებას არ გამორიცხავენ.