ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინელ და შვედ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ანტი კაიკონენთან და პიტერ ჰულქვისტთან საუბრისას ყურადღება უსაფრთხოების გარემოსა და საერთო გამოწვევაზე გაამახვილა. ასევე, აღინიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და გართულებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად ზრდის საფრთხეს და რისკს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. ამ კონტექსტში ჯუანშერ ბურჭულაძემ დასავლეთის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, როგორც რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი და აღნიშნა, რომ ამ კუთხით კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ფინეთისა და შვედეთის ძლიერ მხარდაჭერას.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, ორმხრივ შეხვედრებზე კოლეგებმა ქვეყნების ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს და ამ მიზნით უწყებებში გატარებული რეფორმები ერთმანეთს გაუზიარეს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პირველი წარმატებული პროექტის – ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ (JTEC) ცენტრში ფინელი და შვედი მაღალკვალიფიცირებული ექსპერტების მოვლინებისთვის მადლობა გადაუხადა.
კოლეგებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც მიმოიხილეს და მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. ბელგიის სამეფოში მიმდინარე ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, ასევე თურქ, ბულგარელ, ჰოლანდიელ, გერმანელ და ლიეტუველ კოლეგებთან.