“სალომე ზურაბიშვილს საქართველო საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო ჰგონია” – შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს, ის არ წარმოადგენს საქართველოს, ეს არის კერძო პირის ყოფნა იქ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას არ აინტერესებს საქართველოს კონსტიტუცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველო წარმოდგენილი იქნება მაღალ დონეზე საგარეო საქმეთა მინისტრის სახით.

„იცით თქვენ, რომ უმეტეს შემთხვევაში ასეც ხდება ხოლმე, ქვეყნის ლიდერები არ არიან ყოველთვის იქ წარმოდგენილი. საქართველო იქ იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილი, ის მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს, ის არ წარმოადგენს საქართველოს, ეს არის კერძო პირის ყოფნა იქ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას არ აინტერესებს საქართველოს კონსტიტუცია, ქართველი ხალხი. მას საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო, სადაც, როგორც უნდა, ისე მოიქცევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ერთადერთი მიზეზი, რატომაც ინარჩუნებს სალომე ზურაბიშვილი თავის თანამდებობას, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა.

„მან დაარღვია კონსტიტუცია, ეს დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და პარლამენტს უნდა მიეღო მაშინ გადაწყვეტილება მისი იმპიჩმენტის შესახებ. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვერ შეგროვდა ორი მესამედი პარლამენტის წევრების, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ არის დამოკიდებული „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ეს კავშირი მაშინაც გამოჩნდა, ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობის ქვეშ. თუ რა საზღაურის სანაცვლოდ არის, ეს ყველაფერი გამოჩნდება. საზღაური არის რადიკალიზაცია, ქვეყნის დისკრედიტაცია, მათ შორის მისი უნებართვოდ გამგზავრება მიუნხენში არის ერთ-ერთი მაგალითი. ერთადერთი მიზანი აქვს ამას, რომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია შეირყეს. ის ძალიან ბეჯითად მიჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მფარველების მიერ დასახულ ხაზს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.