“სალომე ზურაბიშვილი ეწევა კამპანიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ” – კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი ეწევა კამპანიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მთავრობა ვერ მისცემდა მას თანხმობას ამ კამპანიაზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებზე საუბრისას განუცხადა.

მან განმარტა, თუ რატომ ეთქვა უარი საქართველოს პრეზიდენტს ვიზიტების განხორციელებაზე.

„ჩვენ ყველას გვახსოვს სალომე ზურაბიშვილის განცხადებები პარლამენტში, პარლამენტს გარეთ. როდესაც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, არც წელს იმსახურებს და მას სურს ამ თემასთან დაკავშირებით ვიზიტების განხორციელება, რა თქმა უნდა, მას უნდა ეთქვას უარი. ბუნებრივია, ჩვენ ვერ მივცემთ თანხმობას იმ კამპანიაზე, რომელიც უპირისპირდება ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს არის ძალიან მარტივი საკითხი. მთავრობამ იცოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ეწევა კამპანიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მთავრობა ვერ მისცემდა მას თანხმობას ამ კამპანიაზე. ძალიან მარტივადაა აქ საკითხი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა გამოეხმაურა.