რუსულმა ძალებმა ტორეცკი კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს-ომის 552-ე დღე

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ტორეცკი “ურაგანის” მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან დაბომბეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დონეცკის რეგიონალური პროკურატურის ცნობით, რუსებმა ქალაქი კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს. ჭურვმა 39 წლის ქალი იმსხვერპლა, რომელიც თავდასხმის დროს საკუთარ ეზოში საოჯახო საქმეებს ასრულებდა.

ამასთან, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი, 72, 73 და 88 წლის ქალები დაშავდნენ, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანდა კერძო სახლები და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები.

სამართალდამცავებმა გამოძიება ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს.