„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ როცა თავს ესხმიან ამერიკის ელჩს, ისინი თავს ესხმიან აშშ-ის პრეზიდენტსა და ამერიკის მთელი მთავრობის წარმომადგენელს – დევიდ კრამერი

ის, რომ ამერიკა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, სრული აბსურდია. არავის სურს, რომ ომის მასშტაბი გაფართოვდეს და საქართველო ან რომელიმე სხვა ქვეყანაც მოიცვას,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ძალიან უხერხულია იმის ნახვა, რომ საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნება“ აკრიტიკებს უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს იმაზე მეტად, ვიდრე რუსეთის მთავრობას“.

როგორც კრამერი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ როდესაც ისინი თავს ესხმიან ამერიკის ელჩს, ისინი ესხმიან თავს ამერიკის პრეზიდენტსა და ამერიკის მთელი მთავრობის წარმომადგენელს.

„ვფიქრობ ეს ასახავს საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში არსებულ ძალიან შემაშფოთებელ ტენდენციას, რომელიც ნამდვილად ფსკერს აღწევს. მე მაწუხებს ის, რომ „ქართული ოცნების ოფიციალური“ პირები ვერ აანალიზებენ, რომ ამერიკა მათი საუკეთესო მეგობარია და ამერიკის ელჩზე თავდასხმა ერთდროულად ძალიან შეუფერებელი საქციელიცაა და ძალიან არაგონივრულიც“, – აცხადებს კრამერი.