„ქართული ოცნება” სანამ მართავს ქვეყანას, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი დგას კარებში, ევროკავშირის მიმართულებით ჩვენ წინ ვერ წავალთ – სალომე სამადაშვილი

ვიდრე „ქართული ოცნება” მართავს ქვეყანას, დეოლიგარქიზაცია ვერ შედგება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი დგას კარებში, ევროკავშირის მიმართულებით ჩვენ წინ ვერ წავალთ, წავალთ უკან, სავარაუდოდ, საფრთხე შეექმნება მათ შორის უვიზო მიმოსვლას და იქნება მძიმე უკუსვლა,- ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ სრულ დეოლიგარქიზაციამდე რეფორმები უნდა განხორციელდეს და ამით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას დეოლიგარქიზაციისკენ.

“როგორც არაერთხელ განმარტეს ჩვენმა სტრატეგიულმა მოკავშირეებმა როგორც აშშ- ში, ასევე ევროკავშირში, საქართველოში არის ერთადერთი ოლიგარქი, მას ჰქვია ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ დეოლიგარქიზაციის განსახორციელებლად ქვეყანაში, საჭიროა ხელისუფლების ცვლილება. სანამ “ქართული ოცნება” მართავს ქვეყანას, დეოლიგარქიზაცია ვერ შედგება, სანამ ბიძინა ივანიშვილი დგას კარებში, ევროკავშირის მიმართულებით ჩვენ წინ ვერ წავალთ, წავალთ უკან, სავარაუდოდ, საფრთხე შეექმნება, მათ შორის, უვიზო მიმოსვლას და იქნება ძალიან საგრძნობლად მძიმე უკუსვლა. ოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ივანიშვილს მიტაცებული აქვს მმართველობის ყველა შტო, ამიტომ როცა ვსაუბრობთ ბიძინა ივანიშვილის მექრთამე მოსამართლეებისგან დაკომპლექტებულ სასამართლო კლანზე და მის დაშლაზე, თუ ეს კლანი დაიშლება, ეს იქნება ნაბიჯი დეოლიგარქიზაციისკენ. რაც შეეხება პარლამენტში ძალთა გადანაწილებას, თუ მიშელის შეთანხმება შესრულდება, ეს იქნება, მათ შორის, ნაბიჯი დეოლიგარქიზაციისკენ. საბოლოოდ ოლიგარქის გავლენისგან ქვეყნის გათავისუფლება ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტის – “ქართული ოცნების” ხელისუფლებისგან წასვლას. ეს უნდა მოხდეს ცხადია, არჩევნების გზით და სანამ არჩევნებამდე მივალთ, საჭიროა კონკრეტული რეფორმების განხორციელება, რომ ივანიშვილის სრული კონტროლი ხელისუფლებაზე დასრულდეს. მათ შორის, ჩვენი ამოცანაა, რომ საერთაშორისო სანქციები ამოქმედდეს როგორც მძლავრი ინსტრუმენტი ივანიშვილის წინააღმდეგ,”- განაცხადა სამადაშვილმა.